ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ აპიანოში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე მე-4 გამარჯვება იზეიმა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მე-4 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა საწყის რაუნდებში გზიდან ჩილელი ორმაზაბალი, იტალიელი მასარა და ესპანელი ლიზარიტური ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – იტალიელი პატრიკ პრადერი 6:0, 5:7, 6:4 დაამარცხა.
ფინალში ნიკოლოზის მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი – მე-9 განთესვის მქონე მატეო ტრევისანი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ ბელგიელ ნილს დესეინს აჯობა – 7:5, 6:3. ფინალური დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ქართველ ჩოგბურთელთა ტრიუმფით მიმდინარეობს იუნიორთა ტურნირი, რომელსაც სომხეთის დედაქალაქი ერევანი მასპინძლობს. ერთეულთა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა შოთა მეფარიძემ პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ კი ოთხ მეტოქეს სეტისწაუგებლად აჯობა და ხვალ ფინალში ებრაელ იანკელ ზემელს გაეჯიბრება.
უკვე დასრულდა ასპარეზობა წყვილებში, სადაც გამარჯვება მეფარიძის და ირაკლი მეტრეველის მე-6 ნომრად განთესილ დუეტს ერგო. ქართველმა ჩოგბურთელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულ ყაზახურ-რუსულ წყვილს (მიშჩენკო-იარკოვი) სძლიეს – 6:2, 6:4.