ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 485 760 დოლარი) კვალიფიკაციაში მე-3 გამარჯვება იზეიმა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
22 წლის ბასილაშვილი BRD Nastase Tiriac Trophy-ის საკვალიფიკაციო ბადეში განთესილთა შორისაც არ ყოფილა, თუმცა, ჯერ ხორვატ მატე პავიჩს სძლია (6:4, 6:4), შემდეგ პირველი რეიტინგის მქონე გერმანელ ტობიას კამკეს მოუგო (7:5, 6:4), გადამწყვეტ რაუნდში კი შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ფინელი ჰენრი ლააკსონენი დაამარცხა – 6:7 (4:7), 6:1, 6:4.
ანგარიშიდინაც სჩანს, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყველაზე მეტად უკანასკნელ შეხვედრაში გაუჭირდა. თამაში ორ საათს და 10 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა 17 ბრეიკ-პოინტიდან 8 გამოიყენა, ამ მხრივ მეტოქის მაჩვენებელი კი 5 8-დან იყო.
ბასილაშვილს პირველი მოწოდების 64%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 57% (37 64-დან) დაასრულა, ხოლო მეორე მოწოდებაზე ბურთების 50% (18 36-დან) მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი და მოაწოდა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა (ლააკსონენის ანალოგიური მაჩვენებლები 6 და 9 გახლდათ). საერთო ჯამში ქართველმა ჩოგბურთელმა 107 გათამაშება მოიგო, მისმა მეტოქემ კი – 95.
ბასილაშვილმა, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 145 ქულით 310-ე ადგილი უკავია, რუმინული ტურნირის ძირითად ბადეში გასვლით 12 ქულა შეიმატა და მოწინავე სამასეულში შესვლა გაინაღდა.
ძირითად ბადეში ნიკოლოზის მეტოქე – კვალიფიკაციის კიდევ ერთი გამარჯვებული, ლიტველი რიკარდას ბერანკისი იქნება. 23 წლის ბალტიისპირელმა, რომელსაც რეიტინგში 157-ე ადგილი უკავია, კვალიფიკაციაში რუმინელ ანდრე სტეფან აპოსტოლს (6:1, 6:3), რუს ალექსეი ვატუტინს (7:5, 6:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ მირზა ბასიჩს (5:7, 6:4, 6:2) სძლია.
ბასილაშვილის და ბერანკისის მატჩი 22 აპრილს თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათიდან დაიწყება და თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა ლიტველსაც აჯობა, აქტივს კიდევ 20 ქულით გაიმდიდრებს. ცნობისთვის, BRD Nastase Tiriac Trophy-ზე პირველ ნომრად ბულგარელი გრიგორ დიმიტროვია განთესილი, რომელსაც კვალში რუსი მიხაილ იუჟნი და ფრანგები გაელ მონფილსი და ჟილ სიმონი უდგანან.