“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა კლუბში დარჩენა.
ცნობილია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა”, ფაბრეგასის თაობაზე კატალონიელებს ორჯერ მიმართა და ორივე შემთხვევაში უარი მიიღო. იმასაც ამბობენ, რომ მანჩესტერელები მზად არიან, ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.
აქამდე, “ბარსელონას” ოფიციალური პირები, თავად მარტინოს ჩათვლით, ამტკიცებდნენ, რომ სესკი არ იყიდება. თუმცა, “სანტოსთან” ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (8:0) შემდეგ, მწვრთნელმა აღიარა, რომ თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
“სესკს ვესაუბრე და მითხრა, რომ ჯერ ფიქრობს. პირადად, არც ვუშვებ, რომ მის გარეშე დავრჩები, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს. გავბედავ და ვიტყვი, რომ ის დარჩება”, – იუწყება მარტინოს სიტყვებს Sky Sports-ი.