ფეხბურთი

23:42 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ადრიანო და პედრო უბრუნდებიან

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიურ კლუბს ადრიანო და პედრო როდრიგესი უბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ-სთან მატჩს ტიტო ვილანოვას გუნდი შედარებით ნაკლები პრობლემით შეხვდება.

ბოლო დროს, კატალონიელთა ბანაკიდან მხოლოდ ცუდი ამბები არ ისმის. ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს მიერ ტრავმების მიღების შემდეგ, ლაზარეთი პედრო როდრიგესმა და ადრიანომ დატოვეს. ესპანელი შემტევის დაბრუნება სწორედ ამ დროისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ბრაზილიელი განაპირა მცველის მწყობრში ჩადგომა ნამდვილად მოულოდნელია. ადრიანომ ტრავმა 17 მარტს მიიღო და ცნობილი იყო, რომ ის 6 კვირას გამოტოვებდა, ანუ აპრილის ბოლომდე ვერ ითამაშებდა. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” დაცვაში არსებული საკადრო პრობლემების გამო, სამწვრთნელო შტაბმა ბრაზილიელის გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა და შედეგად, ის დაბრუნებამდე ძალიან ახლოსაა.

“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადრიანომ და პედრომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს და ისინი შაბათს “მალიორკასთან” გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

კატალონიური პრესის ცნობით, “მალიორკასთან” მოედანზე რამდენიმე წუთს დაჰყოფს ერიკ აბიდალიც. რაც შეეხება ლიონელ მესის – მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ის პსჟ-სთან თამაშამდე მწყობრში ჩადგომას მოახერხებს.

0.114182