ლეგენდარულ “კამპ ნოუზე” ჟოან გამპერის თასი გათამაშდა. “ბარსელონამ” ბრაზილიურ “სანტოსს” 8:0 მოუგო და სეზონის დასაწყისშივე, საკუთარ ქომაგებს უსაზღვრო სიხარული მიანიჭა. ჟოან გამპერი “ბარსელონას” დამაარსებელი და ხუთგზის პრეზიდენტი გახლავთ. ეს ამხანაგური ტურნირი კი, 1966 წლიდან ყოველ წელიწადს იმართება, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, 1997-დან მხოლოდ ერთი მატჩი ტარდება.
მთავარი მოლოდინი: ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარი, რომელიც კატალონიელებმა ამ ზაფხულს 48,6 მილიონ გირვანქად სწორედ “სანტოსისგან” შეიძინეს, მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ, მავანი აგრესიული ბრაზილიელი ფანი მინდორზე გამოეჭრა და დაცვამ ის ძლივს დააშოშმინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონელთა ახალმა დამრიგებელმა, არგენტინელმა ტატა მარტინომ, მეორე ნახევარში, ფაქტობრივად, სხვა გუნდი გაიყვანა მინდორზე, მასპინძლებმა მაინც დიდი სირცხვილი აჭამეს სტუმრებს. “თავისი გოლი” მესიმ დასაწყისშივე გაიტანა, სესკ ფაბრეგასმა კი დუბლი მიითვალა, თუმცა მისი “ბარსაში” ყოფნა-არყოფნის საკითხი ბოლომდე ჯერ გარკვეული არაა. ექსარსენალელზე პრეტენზიას “მანჩესტერ იუნაიტედიც” აცხადებს და ახლა, სიტყვა თავად ფეხბურთელზეა.
“ბარსამ” ამ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ვალდესი (პინტუ 46), ალვეში (მონტოია 46), პიკე (ბარტრა 46), მასკერანო (ბანიაკი 77), ალბა (ადრიანო 46), ბუსკეტსი (სონგი 46), ჩავი (სერხი რობერტო 46), ინიესტა (ფაბრეგასი 46), პედრო (ნეიმარი 46), სანჩესი (ნიეტო 72), მესი (დონგუ 62)
გოლები: 1:0 მესი (8), 2:0 ლეონარდო (საკ. კარში 12), 3:0 სანჩესი (22), 4:0 პედრო (28), 5:0, 6:0, ფაბრეგასი (53, 68), 7:0 ადრიანუ (75), 8:0 დონგუ (83)