ბიზნესმენი თემურ ბარქაია და ბოლო წლების ფოთის “კოლხეთი” განუყრელი ცნებაა. როცა, 2006 წლის მაისამდე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უცვლელად მოთამაშე ფაზისელებს ფინანსური პრობლემები მოეძალათ და გუნდი რეგიონალლიგამდე დააქვეითეს, მან თითქმის ასწლოვანი კლუბის დაფინანსებას მიჰყო ხელი და ოთხწლიანი შრომის შედეგი შარშანდელი სეზონის ბოლოს მიიღო - ფოთელები კვლავ უმაღლესს დაუბრუნა.
ცნობილია, რომ “კოლხეთის” დაფინანსებაში წვლილი ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასაც, რაც კიდევ ერთი საიმისო სტიმული იყო, რომ გუნდის “შეფობა” რომელიმე კერძო სტრუქტურას ეკისრა. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის “შიდა მოხმარების ნორმატიული აქტის” თანახმად, უმაღლესი ლიგის გუნდი, ბიუჯეტის სახსრებით აღარ უნდა დაფინანსებულიყო.
ყოველივეს შემდეგ, “კოლხეთის” სავარაუდო მეპატრონედ ფოთის პორტის დასახელება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა - “მაღალი ტრიბუნიდან” არაერთხელ ნათქვამი გვამცნობდა, რომ კლუბის წლიური მილიონიანი ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი (600 ათასი ლარი) პორტის მესვეურებს უნდა დაეფარათ. აღნიშნული თანხის კლუბის ანგარიშზე შეფერხებებით მისვლის თაობაზე, “მსოფლიო სპორტიც” არაერთხელ წერდა.
როგორც ჩანს, ფოთის პორტსაც პრობლემები მოუმრავლდა და ადგილობრივ ხელისუფლებასაც. ჩვენი ინფორმაციით, თემურ ბარქაიამ, რომელსაც ეს აინტერესებდა, მათ გასაგონად თქვა - თბილისის “დინამოსთან” ვითამაშებთ და მის შემდეგ, კლუბის ჩემგან დაფინანსების იმედი აღარ გქონდეთო. 6 მარტს, “კოლხეთმა” დედაქალაქელ სტუმრებთან უკვე ითამაშა (0:2) და “ულტიმატუმის” ერთი ნაწილი შესრულდა. ვიდრე მისი მეორე ნაწილიც შესრულდება, “მსოფლიო სპორტი” ფოთელთა მთავარ მწვრთნელს, ბესო შეროზიას დაუკავშირდა.
- ბატონო ბესო, როგორც გავიგეთ, შესაძლოა “დინამოსთან” მატჩი თემურ ბარქაიას კლუბის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ბოლო იყოს.
- უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს ჩვენი მომავალი. ცუდ მდგომარეობაში რომ ვიმყოფებით, ფაქტია. ის ვიცი, რომ “კოლხეთი” ასეთ დღეში არ უნდა იყოს - თითქმის 100 წლის კლუბს სულ სხვა მიდგომა სჭირდება.
- პრეზიდენტთან ერთად, თქვენც ხომ არ აპირებთ გუნდის დატოვებას?
- ორივეს აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ამ კაცმაც რა ქნას - ამდენი პირადი თანხა მოახმარა გუნდს და მარტო მისი ხომ არ არის ეს “კოლხეთი”?
- ფეხბურთელები რა აზრზე არიან? როცა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დააბრუნეთ გუნდში, მათ ალბათ გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს მისცემდით.
- კი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ფეხბურთელები არსად წასვლას არ აპირებენ. სიმართლე გითხრათ, არც ისეთი შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს ხელმძღვანელობას ნაკისრი, რომ გუნდი დაიშალოს, მაგრამ ელემენტარულ ყურადღებას ხომ უნდა ვგრძნობდეთ?
- გუნდს ჩემპიონატის პირველი ნახევრის დავალიანება დღემდე მიუღებელი აქვს?
- ვალებში რომ ვართ, ამაზე საუბრით უკვე დავიღალეთ. ზოგ სიტუაციაში ფულზეც არაა საქმე - შეიძლება ხელფასი არ იყოს დიდი, მაგრამ ატმოსფერო იყოს ისეთი, როგორსაც “კოლხეთი” იმსახურებს.
მოკლედ, განწყობაც ისეთია, როგორი სატურნირო მდგომარეობაც გვაქვს. ხედავთ, ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი ვართ. არ მესმის, რისთვის სჭირდებოდათ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, თუ შესაბამის ყურადღებას აღარ მოგვაქცევდნენ. რა ვქნათ, ხედავთ ალბათ, რომ ენთუზიაზმზე თამაშით შედეგი არ ჩანს.
გუნდი უიმედოდ და ხელჩაქნეული მაინც არაა - ქულებში ისეთი სიმჭიდროვეა, უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე ფიქრი შეიძლება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სათანადო ყურადღებას მოგვაქცევენ.
ფრიდონ კერვალიშვილი