ალ აჰლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ჟადერ ვოლნეი სპინდლერს, რომელიც ბარეს სახელითაა ცნობილი, თავის მოვლენებით დატვირთულ კარიერაში 3 სხვადასხვა კონტინენტის 11 კლუბი აქვს გამოცვლილი. ბრაზილიის „გუარანიში,“ „გრემიოსა“ და „ბოტაფოგოში“ მცირე ხნის თამაშის შემდეგ იგი ურუგვაის „დეფენსორ სპორტინგის“ და „მონტევიდეო უონდერერის“ ღირსებას იცავდა. შემდეგ დანიის „ვეილე ბოლდკლუბის“ წევრი გახდა, სადაც იაპონიისკენ მიმავალი გზა იპოვნა და „ომია ანდრიჟას“ და „ვენტფორეტ კოფუს“ შემდეგ საკუთარი სახელი „გამბა ოსაკას“ ისტორიაშიც შეიტანა. ამ გუნდთან ერთად მან იაპონიის ლიგის თასი მოიგო, ასევე დაეხმარა „გამბას“ ამავე ქვეყნის სუპერთასისა და პან პასიფიკის ჩემპიონატის მოგებაში. გასულ წელს კი ბარემ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს მიაშურა და ამჟამად სწორედ ამ ქვეყნის კლუბ “ალ აჰლიში” თამაშობს.
“ალ აჰლიში” გატარებულ პირველ სეზონში გატანილი 11 გოლით ბარე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, რის შედეგადაც მას სულ მალე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოუწევს თამაში. ამ ტურნირზე ასპარეზობა ბარეს ოცნებაა და მას ამ ოცნების ასრულების შანსი ჯერ კიდევ “გამბა ოსაკაში” ასპარეზობის დროს ჰქონდა, მაგრამ მან იაპონური კლუბი ჩემპიონატის დაწყებამდე დატოვა და შედეგად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გაუშვა ხელიდან.
აბუ დაბიში გასამართი ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის წარმომადგენელმა სწორედ 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელთან გადაწყვიტა გასაუბრება.
- თქვენი ოცნება, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობას უკავშირდება, რეალობა ხდება. რა განცდებით ხვდებით ამ ტურნირს?
- ამ ტურნირზე მონაწილეობა მთელი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და პირადად მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება ყოველდღე არ მოგეცემა და იმედი მაქვს, რომ გუნდი სათანადოდაა კონცენტრირებული და კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
- ეს ტურნირი ევროპაში გასამგზავრებელ “ტრამპლინად” ხომ არ გესახებათ?
- მსოფლიოს ჩემპიონატს ასე არ ვუყურებ. “ალ აჰლისთან” კონტრაქტი მაკავშირებს და ბედნიერი ვარ ამ კლუბში თამაშით. მომწონს დუბაიში ცხოვრება. ეს მშვენიერი ადგილია, გუნდში კი არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. “ალ აჰლიში” იმისთვის მოვედი, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ვიცი, თუ მაქსიმუმს არ გავიღებ, არცთუ წარმატებული მომავალი მელის. წარმატებული კარიერის შესაქმნელად ერთადერთი გზა თავდაუზოგავი შრომაა. დღევანდელ კლუბთან ერთად ნაჩვენები ნებისმიერი კარგი შედეგი დადებითად აისახება ჩემს მომავალ კარიერაზე.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შორს შეგიძლიათ წახვიდეთ?
- ჩვენი ოცნებაა ფინალში თამაში. კარგად ვიცი, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალზე რთული იქნება, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ სასურველი შედეგის ჩვენება შეგვიძლია.
- რას გვეტყვით თქვენს მეტოქეებზე?
- სხვა გუნდების თამაშები არ მინახავს, რადგან ჩემპიონატის შეხვედრების გამო ამის დრო არ გვრჩება. ვფიქრობ, მწვრთნელები მოახერხებენ მეტოქეთა თამაშების კარგად შესწავლას. იმისათვის, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირების უფლება მოვიპოვოთ, რთული ბარიერები უნდა დავძლიოთ. მიყვარს ასეთ დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღება. მინდა გითხრათ, რომ “ბარსელონასთან” თამაშის არ გვეშინია. ევროპის ჩემპიონებიც, ისევე როგორც ჩვენ, 11 ფეხბურთელით თამაშობენ.
- ბრაზილიელი ფეხბურთელები ძლიერი გუნდებიდან შედარებით სუსტებში ჩვეულებრივ დაახლოებით 30 წლის ასაკში გადადიან. თქვენ კი დიდი იაპონური გუნდიდან არაბეთში 26 წლის ასაკში გადახვედით. რა იყო ამის მიზეზი? ფული?
- ჩემი კარიერა ფულზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. აქ მოვედი იმისათვის, რომ მიმეღო ახალი გამოცდილება და მეთამაშა კლუბში, რომელსაც წარმატების მიღწევის ყველა საშუალება აქვს. “ალ აჰლიში” უკვე რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე და მსურს გავზარდო მათი რაოდენობა. პრობლემა ისაა, რომ ხალხი ძველებურად აზროვნებს და ფიქრობს, რომ საემიროების ჩემპიონატი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იაპონიის ლიგას. მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არაბეთში იაპონიაზე და ბრაზილიაზე არანაკლები საშინაო ჩემპიონატი აქვთ. აქ თამაშები უმეტესად აგებულია ძალასა და ფიზიკურ მომზადებაზე. არაბეთში მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება. ფული გადამწყვეტი ფაქტორი ჩემთვის არასდროს ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და წარმატების მიღწევა მწყურია. ვთამაშობ არა ფულისთვის, არამედ მატჩების და ტიტულების მოსაგებად.
- “ალ აჰლი” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ მიმდინარე გათამაშებაში გუნდს საქმეები კარგად არ მისდის. რატომ ხდება ასე?
- გადაჭრით ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. სეზონის დასაწყისში დავკარგეთ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სეზარი. გარდა ამისა, გათამაშება “ალ აინთან” მტკინვეული მარცხით დავიწყეთ. ასეთი დაბრკოლებების სწრაფად გადალახვა იოლი არაა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს.
- დიდი დანაკლისია სეზარის წასვლა?
- იგი დიდი ფეხბურთელი და ჩემი ახლო მეგობარია. მაგრამ ფეხბურთი ასეთია, მეგობარი ყოველთვის შენთან ვერ ითამაშებს.
- ფიქრობთ, რომ ძალგიძთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე პრობლემების მოგვარება?
- დიახ. კარგი მწვრთნელი გვყავს და კლუბში პოზიტიური ატმოსფეროა შექმნილი. ნელ-ნელა ვიწყებთ კიდეც კარგი შედეგის ჩვენებას.
- და ბოლო კითხვა – საიდან მოდის თქვენი მეტსახელი?
- ბარე ბრაზილიაში ცნობილი წვენის სახელია. ეს მეტსახელი ჩემი ბავშვობიდან მოდის, როდესაც ძალიან მიყვარდა ეს წვენი.
მიშა ზაქარეიშვილი