ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ დავლიანიძემ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული ზედიზედ მე-2 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო და ორივე შემთხვევაში, პირველ ნომრად განთესილ უკრაინელ ანატოლი რაინინს სძლია.
გასულ კვირაში დავლიანიძემ რაინინს 7:6 (7:1), 6:1 მოუგო, ახლა კი მეტოქე უფრო იოლად – 6:2, 6:2 დაამარცხა.
ცნობისთვის, უკრაინელ იუნიორს ბაქოში ტიტული მაინც ერგო და სასიხარულოა, რომ წარმატებას კიდევ ერთ ქართველ ირაკლი მეტრეველთან ერთად მიაღწია. წყვილთა შეჯიბრში პირველი რეიტინგის მქონე რაინინმა და მეტრეველმა ფინალში რუსები – კარპუშკინი და პარფიონოვი (მე-3) 6:4, 6:4 დაამარცხეს.
ქართველთა ტრიუმფით დასრულდა 16-წლამდე გოგონათა ტურნირებიც. ერთეულთა გადამწყვეტ შეხვედრაში ანა მუჯირმა (მე-6) მარიამ დალაქიშვილს (მე-4) 2:6, 6:4, 6:3 მოუგო, შემდეგ კი წყვილებში გაჩემპიონდა. მუჯირმა და ყაზახმა კულამბაიევამ (1-ლი განთესვა) დალაქიშვილი და ნინო მემიშიში (მე-2) 7:6 (7:2), 6:2 დაამარცხეს.
ქართულმა დელეგაციამ კიდევ ერთი ტიტული 14-წლამდე გოგონათა წყვილთა ტურნირში ირგუნა. ფინალურ მატჩში ანა მაქაცარიამ და რუსმა ანა სოლოვიევამ (მე-4) ყაზახები – აშიროვა და ტაიტელი დაჯაბნეს – 4:6, 6:3, 10:8.