აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მოასპარეზე ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტს გეორგი ნიკოლოვს, კლუბიდან მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის გაშვება არ სურს.
“ბოლო პერიოდში გუნდში კახაბერ ცხადაძის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გაჟღერდა. მინდა აღვნიშნო, რომ მას კლუბთან დადებულ კონტრაქტში განსაკუთრებული პუნქტი აქვს, რომლის თანახმად, თუ სეზონის შედეგების მიხედვით “ინტერი” პირველ სამეულში მოხვდება ან ევროთასების საგზურს მოიპოვებს, მაშინ, ქართველ სპეციალისტთან ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება. ამ პუნქტზე დაყრდნობით, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვაპირებთ. ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია ამ სპეციალისტთან ვთანამშრომლობთ და ერთობლივი მუშაობის გაგრძელება გვსურს” – იუწყება ნიკოლოვის სიტყვებს “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი.
თავად ცხადაძემ აზერბაიჯანულ პრესასთან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მომავალ სეზონში “ინტერში” დარჩება თუ არა. ის საბოლოო სიტყვას სეზონის დასრულების მერე იტყვის.