საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ინტერის” ხელმძღვანელობა ქართველი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის გაშვებას არ აპირებს.
ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ინტერმა” სტუმრად შვედურ “ელფსბორგს” 1:0 მოუგო, ხოლო შინ ამავე ანგარიშით დამარცხდა და საბოლოოდ, სკანდინავებმა პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვეს. შეხვედრის შემდეგ, ცხადაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“რა თქმა უნდა, სამწუხაროა ასე რომ მოხდა. როგორც პირველ, ასევე, მეორე მატჩში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. არ ვიცი მსაჯი აზერბაიჯანში რა განწყობით ჩამოვიდა, მაგრამ მან მომდევნო ეტაპზე გასვლაში უბრალოდ ხელი შეგვიშალა.
ამ ყველაფრის მოთმენა მომწყინდა. მინდა, რომ ხალხი, რომელიც კლუბში ჩემს ირგვლივ არიან, რამეს აკეთებდნენ. ამდენი სტრესი, ამდენი ნერვიულობა. გადადგომას ვაპირებ. ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და თუ ჩემს გადადგომას დააკმაყოფილებენ, წავალ. შესაძლოა, ახლა ემოციების ფონზე ვსაუბრობ, მაგრამ წინსვლაა საჭირო. მსურს ახალ დონეზე გავიდე, მეტი ვიმუშავო, მეტი მოვიგო. მაგალითად, ევროპის ლიგის ჯგუფში თამაში მინდა. წაგებაში არავის ვადანაშაულებ. გუნდმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა. არ მიმაჩნია, რომ შეცვლების გაკეთების დროს შევცდი. ყველაფერი სწორედ იყო, მაგრამ მომენტების რეალიზაციამ დაგვაღალატა”.
ცხადაძის ნათქვამს “ინტერის” პრეზიდენტი გიორგი ნიკოლოვი გამოეხმაურა:
“ჩემი აზრით, კახამ ემოციის ფონზე ისაუბრა. ის არსად წავა. პირადად მე, მის წასვლას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, კლუბის გენერალური სპონსორიც ასეთ სპეციალისტთან ურთიერთობას არ გაწყვეტს. “ინტერს” ცხადაძე სჭირდება და მას არ გავუშვებთ. შევხვდებით, დაველაპარაკებით და იმედია, ყველაფერს მოვაგვარებთ. მწვრთნელმა თქვა, რომ კლუბში ხალხის მუშაობით უკმაყოფილოა? ვფიქრობ, ესეც ემოციის ფონზე განაცხადა. მასთან პრობლემა არასოდეს მქონია. თითოეული ჩვენთაგანი თავის საქმეს აკეთებს. სელექციაზე და კადრების შერჩევაზე პასუხს სამწვრთნელო შტაბი აგებს. მე, როგორც პრეზიდენტი, ფეხბურთელებთან მხოლოდ ფინანსურ პირობებს ვათანხმებ და კონტრაქტებს ვაფორმებ. ამიტომ, არა მგონია კახას ჩვენ ან სპონსორები ეგულისხმა. შესაძლოა, წაგების გამო ის ძალიან გულდაწყვეტილი იყო და პრესკონფერენციაზე ასეთი ფრაზა “ისროლა”.