ინტერვიუები

18:57 | 21.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ბანანცის” კაპიტანი: “ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის “მეტალურგის” მეტოქე სომხური “ბანანცის” კაპიტანმა არტურ ვოსკანიანმა ინტერნეტ-გამოცემა armfootball-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართულ გუნდს დაუძლეველ ბარიერად არ თვლის.
- როგორ აფასებთ კენჭისყრის შედეგს?
- მოსახერხებელი მეტოქეა და ვფიქრობ, არც ისეთი ძლიერი, რომ მისი დაძლევა არ შეიძლებოდეს. მართალია, “ბანანცი” ჩემპიონატში ჯერჯერობით წარუმატებლად გამოდის, მაგრამ ბოლო შეხვედრები ამტკიცებს, რომ სწორ გზაზეა და საკუთარ თამაშს თანდათანობით პოულობს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი გუნდი სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს. ამ კუთხით ევროპის ლიგის პირველ რაუნდში გამოსვლა ჩვენი გუნდისთვის ერთგვარი სტიმული იქნება და ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით თამაშში დაგვეხმარება. ამიტომ, პირველ შეხვედრაში დადებითი შედეგის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. “ბანანცი” თამაშის ხარისხს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს და გაცილებით თავდაჯერებული მოქმედებს. ისღა დაგვრჩა, რომ სერიოზულად მოვემზადოთ, რათა მომდევნო რაუნდში აუცილებლად გავიდეთ.
- რა ცვლილებები იგეგმება შემადგენლობაში, რათა გუნდი ტურნირს უკეთ მომზადებული შეხვდეს?
- არარატ არაქელიანის ირანის “მეს”-ში გადასვლის შემდეგ, პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ მის პოზიციაზე უკრაინელი ცენტრალური მცველის, კავაცივას სახით ღირსეული შემცვლელი მივიღეთ. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
- ევროპის ლიგაზე კლუბის ხელმძღვანელობამ კონკრეტულად რა ამოცანა დაგისახათ?
- გუნდის წინაშე კონკრეტული ამოცანაა დასახული – მეორე რაუნდში გასვლა. მითუმეტეს, რომ “ბანანცს” ქართულ გუნდებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.
- თქვენს გუნდს შემდეგ რაუნდში გასვლის რა შანსი აქვს?
- ვთვლი, რომ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს, რადგან საქართველოში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, ხოლო ჩვენთან უკვე მეორე წრე მთავრდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ჩვენი გუნდის წარმატების მჯერა. ეს დაპირისპირება “ბანანცისთვის” საუცხოო მიზეზია, საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.114731