იტალიის გმირი, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების კარში ორი გოლის გამტანი მარიო ბალოტელი, ვარშავის “ნაციონალური სტადიონის” შერეულ ზონაში ისე მიდიოდა, არავის და არაფერს იმჩნევდა.
ის ყურთსასმენებში რაღაც მელოდიას უსმენდა და საკუთარ ფიქრებში იყო ჩაფლული. რაღა თქმა უნდა, ეს ფიქრები სასიამოვნო იქნებოდა და 21 წლის ფეხბურთელი იტალიელი ჟურნალისტების შეძახილებზე - “მარიო, მარიო”, არ რეაგირებდა. მაშველად რეპორტიორებს იტალიის ნაკრების პრესოფიცერი მოევლინა, რომელმაც ბალოტელი შეაჩერა და მის სახესთან იმწუთასვე 20-მდე დიქტოფონი გაჩნდა.
- ამ გამარჯვებას დედას ვუძღვნი, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა. როცა შემცვალეს მე მას ვუთხარი: “დედა, ეს გოლები შენ გეძღვნება”. დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს. დედა უკვე ასაკშია, მაგრამ ვარშავაში ჩამოსვლა მოახერხა, რათა ჩემთვის მხარი დაეჭირა. მამა ფინალზე, კიევში ჩამოვა. მთლიანობაში, ახლობლების და მეგობრების სტადიონზე ყოფნამ დამატებითი ძალები შემძინა.
- ახლა ტურნირზე სამი გოლი გაქვთ გატანილი და ერთი თამაში თადარიგში...
- რა თქმა უნდა ვეცდები, რომ 2012 წლის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებ. რაც შეეხება დღევანდელ გოლებს, შეუძლებელია არ აღვნიშნო ჩემი პარტნიორები - კასანო და მონტოლივო. მათი გადაცემები, რომლის შემდეგაც გოლები გავიტანე, უბრალოდ უნაკლო იყო.
- რატომ შეგცვალეს?
- მეორე ტაიმში მცირე დაზიანება მივიღე. ამ მიკროტრავმის მიუხედავად, კიდევ რამდენიმე წუთი ვითამაშე, ამასობაში კი, მწვრთნელმა ცვლილება მოამზადა.
- ხომ არ ფიქრობთ იტალიაში, სერია A-ში დაბრუნებას?
- არა, ახლა არა. “მანჩესტერ სიტის” ფანებს ვუყვარვარ და არ მსურს ისინი იმედგაცრუებული დავტოვო. მწამს, ეს სიყვარული არ გაქრება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატიდან ინგლისის ნაკრები გამოვაგდეთ.
- ევროპის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დაგრჩათ. რას ფიქრობთ ესპანეთთან გასამართ ფინალზე?
- შემიძლია ერთი რამ შეგპირდეთ: მოედანზე ნებისმიერი ჩვენგანი სრულად დაიხარჯება. ახლა აუცილებელია, რომ აღდგენითმა პროცესმა წარმატებით ჩაიაროს, მერე კი, მოედანზე გავიდეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. დღეს შესანიშნავი საღამო იყო, ყველაზე საოცარი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მწამს, რომ კვირა საღამო კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა