“არმიისა” და “ქუთაისის” ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა. მთელი შეხვედრის განმავლობაში დამუხტულები ვადევნებდით თვალს მოედანზე მიმდინარე პერიპეტიებს, მძიმე პაექრობამ ცოტათი დაგვღალა კიდეც (წარმოგვიდგენია რამხელა ფიზიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა დააწვა მატჩის მონაწილე კალათბურთელებს), ამიტომაც ამ ორთაბრძოლის შემდეგ სპორტის სასახლეში ლატვიის იელგავას “დოქსის” 45+ გუნდის და საქართველოს ვეტერანთა ნაკრების მატჩმა დასვენების, გართობის, ამასთან ოსტატური საკალათბურთო ელემენტების ხილვის საშუალება მოგვცა.
ჩვენი ქვეყნის ვეტერანთა ნაკრებს ყოფილი დინამოელი მამუკა ლომიძე წვრთნიდა, მატჩში მონაწილეობა კი ნოდარ ქორქიამ, ამირან (ბაჩო) სხიერელმა, ალეკო პეტრიაშვილმა, მამუკა ტურაშვილმა, გულივერ ახალკაცმა, პაატა გურასპაულმა, ლევან მგალობლიშვილმა, ამბროსი ორმოცაძემ, ლადო ჩიხლაძემ, გიორგი ჩხეიძემ, ზაზა ღონღაძემ, ლევან წულაიამ, ზაზა ცაგარეიშვილმა მიიღეს.
ამხანაგური მატჩის სტატუსის მიუხედავად მეტოქეები ერთმანეთისთვის არაფრის დათმობას აპირებდნენ, პრაქტიკულად მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, საბოლოოდ ბედმა მასპინძლებს გაუღიმა და ასპარეზობაც ჩვენების მოგებით 54:50 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქორქიების საკალათბურთო დინასტიის ღირსეულმა წარმომადგენელმა ნოდარმა ბალტიისპირელ სტუმრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სამახსოვრო პრიზი გადასცა. საპასუხო სიტყვა ლატვიელებმაც მოითხოვეს. მათი სახელით ანდრის კარკლინშმა თბილი მასპინძლობისთვის ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას და მატჩის საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისთვის სუპერლიგის დირექტორ გიორგი ზაბახიძეს მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა.
სტუმარ-მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც იელგავას ვეტარნთა გუნდის წევრებს იანის ბაცანსა და ანდრის კარკლინშს გამოველაპარაკეთ.
“შარშან ჩვენი გუნდი სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, სწორედ იქ გავიცანით ქართველი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია და მოკლე ხანში მასთან დავმეგობრდით. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე ვერ გავიდა, ლატვიის ეროვნული გუნდი კი 12 საუკეთესოს შორის მოხვდა და თენგიზი ჩვენთან ერთად გულმხურვალედ გვქომაგობდა. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა ერთმანეთში გვეთამაშა და ჩვენი საქართველოში ჩამოსვლით ამ წამოწყებას ხორცი შევასხით”, - გვითხრეს ბალტიისპირელმა სტუმრებმა.
- იქნებ ჩვენ მკითხველს უფრო ახლოს გააცნოთ თქვენი კლუბი...
- “დოქსი” გასული საუკუნის 80-იანი წლების შუაწელში ჩამოყალიბდა, 3 წლის წინ კი ლატვიაში ვეტარანთა სხვადასხვა საკობრივი გუნდების ჩემპიონატი დაიწყო და ჩვენ წარმატებით გამოვდივართ. წლეულს იელგავას “დოქსის” 40+ გუნდი ჩემპიონი გახდა, ჩვენი, 45+ კოლექტივი კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. გვყავს აგრეთვე 50+, 55+ და 60+ გუნდებიც. კვირის განმავლობაში 2-3 წვრთნას ვატარებთ, ერთხელაც ვთამაშობთ. სპონსორი არ გვყავს, ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ვიღებთ, ჩვენი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები კი ძირითადად ოჯახის წევრები არიან. ასევე არ ჰყავს სპონსორი ვეტერანთა ჩემპიონატსაც. საპრიზო ფონდს თავად კალათბურთელები ვადგენთ, შემდეგ კი ჩემპიონ-პრიზიორებს ვაჯილდოვებთ. საქართველოში ვიზიტიც მთლიანად ჩვენი ხარჯებით დავფარეთ.
- იელგავა რამდენად სისხლსავსე სპორტული ცხოვრებით გამოირჩევა?
- ჩვენი ქალაქი ლატვიის დედაქალაქ რიგიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული. საბჭოეთის პერიოდში რაფ-ების გამოშვებით ვიყავით ცნობილნი. ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებას რაც შეეხება, სამომავლო წარმატებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ოლიმპიური ცენტრის მწყობრში ჩადგომა. მერიამ მისი მშენებლობისთვის 14 მილიონი ევრო დახარჯა და კალათბურთელებს, ფეხბურთელებს, ჰოკეისტებს ამიერიდან წვრთნისა და თამაშის საუკეთესო პირობები ექნებათ. იელგავას საკალათბურთო გუნდს რაც შეეხება, ლატვიის 12 გუნდიან ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავედით.
- თბილისამდე მატჩი გურჯაანშიც ჩაატარეთ. რას გვეტყოდით ამ 2 თამაშზე?
- კახეთში 6 ქულით, 62:68 დავმარცხდით, სამაგიეროდ გურჯაანში იქაურებმა და პირადად ქალაქის მერმა დაუვიწყარი გულთბილი შეხვედრა მოგვიწყო. თითოეულ ჩვენთაგანს თავი საკუთარ ქორწილში ეგონა. ჩვენთვის ასეთი დახვედრა უჩვეულოც კია. ყველაფერი ვიდეოზე გვაქვს გადაღებული და შინ ჩასვლის შემდეგ ახლობლებს ვუჩვენებთ. მადლობა “სოხუმის” მთავარ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასაც, რომელმაც დიდი დრო დაგვითმო.
დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, კარგად ვითამაშეთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ კლუბი ვართ, მეტოქედ კი საქართველოს ვეტერანთა ნაკრები გვყავდა. მადლობა თქვენ ვარსკვლავებს, ჩვენთა სათამაშოდ დრო რომ გამონახეს. თქვენ კალათბურტელებს გამოველაპარაკეთ. მათ თბილად გაიხსენეს ლატვიაში, კერძოდ რიგაში სტუმრობები, საკავშირო ნაკრებში ლატვიელებთან ერთად ასპარეზობა და მეგობრობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი და გულისხმიერი მასპინძლობისთვის.