ფეხბურთი

2:41 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” უიღბლო სტადიონს დიდი ფორით ეწვევა

თუ “ბაიერნის” ისტორიიდან იმ სტადიონებს გავიხსენებთ, რომლებიც მიუნხენური გუდის წარუმატებლობასთან ასოცირდება, ერთ-ერთი პირველი აუცილებლად “კამპ ნოუ” იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არენაზე “რეკორდმაისტერის” უკანასკნელი სტუმრობა 0:4 განადგურებით დასრულდა.

არადა, “ბაიერნისთვის” ყველაფერი კარგად დაიწყო. “კამპ ნოუზე” გამართული პირველი 2 თამაში მიუნხენელებმა მოიგეს, ორივე ანგარიშით 2:1. შემდეგ იყო 1999 წელი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. “მანჩესტერთან” გამართული დაპირისპირება, რომელიც დღემდე რჩება ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალად. ძირითადი დროის ამოწურვამდე, “ბაიერნი” 1:0 იგებდა, მაგრამ მიუნხენელები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 10 წლის შემდეგ, “კამპ ნოუზე” მორიგი სტუმრობა სრული კრახით დასრულდა. “ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში, “ბაიერნმა” 4 გოლი პირველივე ტაიმში გაუშვა.

დღეს, საქმე სხვა “ბაიერნთან” და სხვა “ბარსელონასთან” გვაქვს. ამიტომ, ის ფაქტი, რომ 4 წლის წინათ, კატალონიელებს მიუნხენელებისთვის 4 გოლის გატანა ნახევარ თამაშში შეეძლოთ, ტიტო ვილანოვას გუნდს ოპტიმიზმის საბაბს ნამდვილად არ აძლევს.

მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, “ბარსელონას” სიტუაციას შეგვიძლია გამოუვალი ვუწოდოთ. უპირველესად, აღსანიშნავია გუნდებს შორის ერთი კვირის წინათ დაფიქსირებული შედეგი. 0:4 ძალიან დიდი სხვაობაა. შედეგის გარდა, გასათვალისწინებელია “ალიანც არენაზე” გუნდებს შორის გამოჩენილი სხვაობაც. ერთი კვირის წინათ, მიუნხენში, მასპინძლებმა სტუმრები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და კატალონიელებს ფინალზე ოცნების საბაბი არ დაუტოვეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია “ბარსას” საკადრო პრობლემები. თუ პირველ მატჩში, პუიოლის, მასკერანოსა და ადრიანოს არყოფნაში, ვილანოვამ დაცვის ცენტრში სათამაშო პრაქტიკის არმქონე მარკ ბარტრა დააყენა, ამჯერად, საქმე კიდევ უფრო რთულადაა. დისკვალიფიკაცია მოიხადა ადრიანომ, მაგრამ მისი ადგილი ალბამ დაიკავა. გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს პუიოლმა და მასკერანომ, რომლებსაც ლაზარეთში ერიკ აბიდალიც შეუერთდა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ტრავმირებულია კატალონიელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი, რომლის დღეს თამაშიც გამორიცხულია. ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის იმ ფეხბურთელთაგან, რომლების მოვალეობაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაა, დღეს მხოლოდ 2 ითამაშებს (ესეც იმ შემთხვევაში, თუ დანი ალვესს ასეთი ფეხბურთელების კატეგორიაში გავიყვანთ).

“ბაიერნს” პრობლემები სხვა მხრივ აქვს. დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან დანტე, ხავი მარტინესი, ფილიპ ლამი, ლუიზ გუსტავო, ბასტიან შვაინშტაიგერი და მარიო გომესი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ფრთხილად თამაში მოუწევთ და იმ შემთხვევაში, თუ ლეო მესიმ თავისი ჩვეული თამაშის ჩვენება მოინდომა, ფინალის გამოტოვების შიშით მოთამაშე მიუნხენელებს ძალიან გაუჭირდებათ.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ზუსტად 8 წლის წინათ, 2005 წლის 1 მაისს, მან პროფესიონალურ კარიერაში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ამომავალმა ვასრსკვლავმა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, “ალბასეტეს” კარი დალაშქრა.

გუნდები ერთმანეთს მერვედ შეხვდებიან. წინა 7 დაპირისპირებიდან “ბარსამ” მხოლოდ 1 მოიგო. მიუნხენელებმა 4-ჯერ იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 9:12. ბარსელონაში, მასპინძლებმა ერთხელ მოიგეს, ხოლო სტუმრებმა – 2-ჯერ.

გერმანულ გუნდებთან ჩატარებულ 52 თამაშში “ბარსელონას” 29 მოგება, 11 ფრე და 12 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 97:54. საკუთარ კედლებში, კატალონიელებმა 17-ჯერ მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ წააგეს.

“ბაიერნს” ესპანურ გუნდებთან 44-ჯერ უთამაშია. მიუნხენელებმა 21 მატჩი მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 11 დათმეს. ბურთების შეფარდება – 71:55. სტუმრად, “რეკორდმაისტერმა” ხუთ-ხუთჯერ მოიგო და ფრედ ითამაშა, ხოლო 10-ჯერ წააგო.

ბუნდესლიგის გასულ ტურში, იუპ ჰაინკესმა თითქმის მთელი გუნდი დაასვენა. “ფრაიბურგთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ფეხბურთელებიდან, დღეს, პირველივე წუთებიდან, მხოლოდ ბოატენგსა და მანჯუკიჩს უნდა ველოდეთ.

  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 26 საშინაო თამაშიდან “ბარსელონამ” 1 წააგო;
  • “ბარსელონამ” გერმანულ გუნდებთან გამართული ბოლო 10 საშინაო თამაში მოიგო. უკანასკნელი 3 მათგანის ანგარიშის გამეორება, დღეს, კატალონიელებს ხელს აძლევთ. ამ 3 თამაშიდან ერთი “ბარსამ” “ბაიერნს” მოუგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 6 თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გამართული უკანასკნელი 7 თამაშიდან “ბარსა” მხოლოდ ერთში იმარჯვა;
  • 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, “ბარსას”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 21 საშინაო მატჩში წაგება არ აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, ფლეი ოფის პირველ მატჩში ოთხბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა;
  • ევროტურნირების ისტორიაში, ფლეი ოფის პირველ მატჩში ანგარიში 4:0 აქამდე 193-ჯერ დაფიქსირებულა. ამ ანგარიშით წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა;
  • “ბაიერნთან” გამართული 7 დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო;
  • ესპანური გუნდების შემდეგ, ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი გერმანიის წარმომადგენლებისთვის აქვს გატანილი. არგენტინელმა გერმანელების კარი 12-ჯერ აიღო;
  • გერმანულ გუნდებთან გამართული 17 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 13 მოიგო;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ თამაშობს, რაც რეკორდია. კატალონიელებს, ამ ეტაპზე, სულ 13-ჯერ უთამაშიათ. “ბარსამ” ფინალში გასვლა 6-ჯერ მოახერხა;
  • დღეს, ვიქტორ ვალდესი გახდება მე-17 ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 ან მეტი თამაში ექნება ჩატარებული. კატალონიელი მეკარე, ლიგის ნახევარფინალში მეთოთხმეტედ ითამაშებს და ლიდერ ედვინ ვან დერ სარს გაუთანაბრდება. ის უკვე რეკორდსმენია ტურნირის ფლეი ოფში ჩატარებული მატჩების მიხედვით. ვალდესი ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე 49-ედ ითამაშებს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა კარში ზუსტად დარტყმა 94-ჯერ მოახერხეს და 18 გოლი გაიტანეს. ეს, გათამაშებას შემორჩენილ გუნდებს შორის, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;
  • განვლილ 11 თამაშში, კატალონიელთა ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 68% იყო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. 8661 გადაცემიდან კატალონიელებმა 7209 (83%) ზუსტად გააკეთეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია;
  • ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში “ბარსელონამ” მხოლოდ 2 გოლი გაუშვა;
  • ლა ლიგის გასულ ტურში გატანით, ლიონელ მესიმ 25-დღიანი მშრალი სერია შეწყვიტა. “ბილბაოს” კარში გატანილი გოლი გამოდგა 24-ე, რომელიც მან პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად გაიტანა. ამ მხრივ, არგენტინელი რეკორდსმენი გახდა;
  • ყველა ტურნირზე გამართული მატჩების გათვალისწინებით, “ბაიერნს” ბოლო 17 გასვლითი თამაში მოგებული აქვს;
  • “ბაიერნი” ბოლო 4 სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოსაა;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 თამაში მშრალად მოიგო;
  • მიმდინარე გათამაშების ფლეი ოფში, “ბაიერნის” მიერ გატანილი გოლების 54%-ში აქტიური მონაწილეობა მიიღო ტომას მიულერმა. ფლეი ოფში, მიუნხენელებმა 11 გოლი გაიტანეს. აქედან 4 მიულერის ანგარიშზეა, ხოლო 2-ჯერ მან თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა;
  • იუპ ჰაინკესს ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში 4 ბურთის მოგების შემდეგ, ტურნირიდან გამოთიშვის გამოცდილება აქვს. 1985 წელს, როდესაც ის მიონხენგლადბახის “ბორუსიას” წვრთნიდა, გერმანელებმა “რეალი” შინ 5:1 დაამარცხეს, მაგრამ ესპანეთში მადრიდელებმა 4:0 იმარჯვეს;
  • ესპანურ კლუბებთან გამართული 14 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ბაიერნმა” 8 მოიგო;
  • “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეთხუთმეტედ თამაშობს. წინა 14 შემთხვევიდან, მიუნხენლებმა ფინალში გასვლა 9-ჯერ მოახერხეს;
  • “რეალში” მუშაობის დროს, იუპ ჰაინკესმა “ბარსელონასთან” 2-ჯერ წააგო, საერთო ანგარიშით 2:6. იმ სეზონში, მის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო;
  • თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ჰაინკესი “ბარსელონას” 13-ჯერ დაუპირისპირდა. გერმანელმა სპეციალისტმა ხუთ-ხუთჯერ მოიგო და წააგო, ხოლო 3-ჯერ, მისმა გუნდმა და “ბარსამ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი, 100 კუთხური მოაწოდეს;
  • “ბაიერნს”, ევროტურნირებზე, 399 გოლი აქვს გაშვებული;
  • ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნმა” 27 თამაში მოიგო, აქედან 14 გასვლაზე. ორივე ეს შედეგი გერმანული ფეხბურთისთვის სარეკორდოა;
  • ყველა ტურნირზე, “ბაიერნმა” ბოლო 22 თამაშიდან 21 მოიგო. მიუნხენელთა მოგებათა სერია 10 მატჩს ითვლის.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ადრიანო, სონგი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, სანჩესი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

0.31813