სტატიები

14:48 | 26.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” თუ “ჩელსი” – 2005 წელი, ისტორია, სტატისტიკა

19 მაისს მიუნხენის “ალიანს არენაზე”... ან მიუნხენის “ბაიერნი” მეხუთედ ჩაიხუტებს ჩემპიონთა თასს, ან ლონდონის “ჩელსი” პირველად შესწვდება ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტიტულს. ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ ორი კლუბის დაპირისპირებებისა და საინტერესო ფაქტების ისტორია.
ურთიერთშეხვედრებზე ბევრი სასაუბრო არ იქნება, რადგან “ჩელსი” და “ბაიერნი” ევროთასებზე მხოლოდ ორჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს. ეს მოხდა 7 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე. მაშინ, ჟოზე მოურინიუს გაწვრთნილმა “არისტოკრატებმა” ორი მატჩის ჯამში 6:5 სძლიეს ფელიქს მაგათის გაწვრთნილ “ბაიერნს”.
დღევანდელი შემადგენლობიდან მაშინდელ მატჩებში თამაშობდნენ პეტრ ჩეხი, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, დიდიე დროგბა, პაულუ ფერეირა (“ჩელსიდან”),  ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნიდან”). ასე რომ, თავადაც ხედავთ, ლონდონელებს უფრო შენარჩუნებული ჰყავთ “ძველი გვარდია”.
იმ წელს “ჩელსი” არათუ წყვილის, არამედ მთლიანად ლიგის ფავორიტი იყო. მთლიანობაში, ლონდონელებმა მიუნხენელებთან უპირატესობა დაამტკიცეს და სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ. პირველ შეხვედრაში ფანტასტიკური გოლი გაიტანა ფრენკ ლამპარდმა, რომელმაც  შემოტრიალებით დაარტყა და ოლივერ კანის ნახტომი ამაო გამოდგა.
“ჩელსი” 4:1-იგებდა, თუმცა ბოლო წუთზე მიხაელ ბალაკმა პენალტი გამოიყენა და ინტრიგა დატოვა.
საპასუხო შეხვედრაში “ჩელსი” ორჯერ იგებდა და “ბაიერნმა” გერმანული ხასიათი გამოავლინა: ბოლო წუთებში, ფაქტობრივად, ზედ საფინალო სასტვენის წინ შეაგდო ორი გოლი – მიუნხენელებმა 3:2 იმარჯვეს, თუმცა ამან ვერ უშველათ. “ჩელსი” გავიდა. ნახევარფინალში “არისტოკრატები” რაფა ბენიტესის “ლივერპულთან” გავარდნენ (0:0, 0:1).  
ლამპარდი და დროგბა – მაშინდელი “ჩელსის” მთავარ დამრტყმელ ძალას ისინი წარმოადგენდნენ. მართალია, ამჯერად ასაკში არიან, მაგრამ მაინც ბრწყინვალედ თამაშობენ.  ისე კი, “ბაიერნი” იმ პერიოდში საუკეთესო ფორმაში ვერ იყო. ორი აზრი არაა, რომ მიუნხენელებს ახლა უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ, ვიდრე 7 წლის წინ.
ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი
I მატჩი. 2005. 6.04

ჩელსი-ბაიერნი 4:2 (1:0)
გოლები: 1:0 ლუსიო (5 საკ.კარში), 1:1 შვაინშტაიგერი (52), 2:1, 3:1 ლამპარდი (60, 69), 4:1 დროგბა (81), 4:2 ბალაკი (90 პენ).
II მატჩი. 2005. 12.04
ბაიერნი-ჩელსი 3:2 (0:1)
გოლები: 0:1 ლამპარდი (30), 1:1 პიზარო (64), 1:2 დროგბა (79), 2:2 გერერო (89), 3:2 შოლი (90+2).
მთლიანობაში, “ჩელსის” ევროთასებზე 15 მატჩი ჩაუტარებია გერმანულ კლუბებთან: 8 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება, ბურთები 21:12.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ პლეი-ოფში (მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი), ან ფინალში “ჩელსი” გერმანულ კლუბებთან არასოდეს გავარდნილა. 4 შემთხვევიდან ოთხივეჯერ გავიდა.
“ჩელსიმ” ბოლოს ევროთასი 1998 წელს მოიგო, კერძოდ, თასების თასის ფინალში “შტუტგარტს” ჯანფრანკო ძოლას გოლით 1:0 სძლია.
რაც შეეხება “ბაიერნს”, მათ 39-ჯერ უთამაშიათ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ: 14 მოგება, 13 ფრე, 12 წაგება, ბურთები 59:50.
ეს რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, უშუალოდ პლეი-ოფში კი “ბაიერნს” 8-ჯერ გადაულახავს ინგლისელთა ბარიერი, 9-ჯერ კი გავარდა.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენელებს 3-ჯერ უთამაშიათ ფინალში გერმანულ კლუბებთან. ერთხელ მოიგეს, ორჯერ კი – წააგეს.
1975. ჩემპიონთა თასი. ბაიერნი-ლიდსი 2:0;
1982. ჩემპიონთა თასი. ბაიერნი-ასტონ ვილა 0:1;
1999. ჩემპიონთა ლიგა. ბაიერნი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2;

“ბაიერნს” 8-ჯერ უთამაშია ჩემპიონთა თასის ფინალში და 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერ კი დამარცხდა. მოიგო 1974, 1975, 1976 და 2001 წლებში, ხოლო წააგო 1982, 1987, 1999 და 2010 წლებში.
“ჩელსი” კი ერთადერთხელ იყო უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირის ფინალში: 2008 წელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” პენალტებში დამარცხდა.  

 

ილია ნანობაშვილი

0.170313