ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი (2426) რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე სტუდენტ გოგონათა პირველობის სათავეში რჩება. მე-7 ტურში ბაციაშვილი შავი ფიგურებით ნასტასია ზიაზულკინას (2290) დაუზავდა და ბელორუსის დარად, 5.0 ქულა მოაგროვა.
Moscow Open 2012 9 ტურად მიმდინარეობს, ამდენად, ბაციაშვილს ორი პარტია დარჩა ჩასატარებელი. შაბათს, ნინო თეთრებით აუტსაიდერ მარინა სევერინას (2185) ეთამაშება, კვირას კი მისი მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი დინა დროზდოვა (2242) იქნება.
წარმატებული დღე ჰქონდა ნაზი პაიკიძეს (2411), რომელიც მოსკოვშივე რუსეთის თასის მე-3 ეტაპზე თამაშობს. ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით რუსი ეკატერინა სმირნოვა (2031) დაამარცხა და შვიდ ტურში 5.5 ქულა მოაგროვა.
დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, პაიკიძე მე-8 ადგილზეა და ლიდერთა ხუთეულს 0.5 ქულით ჩამორჩება. ბოლოსწინა მე-8 ტურში, ნაზი თეთრებით ერთ-ერთ მოწინავე ელმირა მირზოევას (რუსეთი, 2214) დაუპირისპირდება.