სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:55 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული: "ჩემი საკლუბო მომავალი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა"

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ლატვიაში შეკრებას აგრძელებს. 12 დღეში კი, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყება. "მსოფლიო სპორტი" ნაკრების კაპიტან ბაჩანა არაბულს დაუკავშირდა:

- რამდენად ინტენსიურად მიდის მზადება და უფრო რაზე კეთდება აქცენტი მწვრთნელებისგან?

- დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. უფრო ფიზიკურ მომზადებაზეა აქცენტი გაკეთებული, რადგან ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ. როცა შევიკრიბებით, მერე ტაქტიკური ვარჯიშები დაიწყება.

- პირველი მატჩი 20 ივლისს, საფრანგეთთან გელით. ხომ არ გინახავთ მეტოქის თამაში ვიდეოზე?

- ფეხბურთელებს არ გვინახავს. როცა ნაკრები სრულად შეიკრიბება, ალბათ, მაშინ ვუყურებთ.  

- ვინ აკლია ნაკრებს?

- სანდოხაძე, კაჭარავა, დვალი და ჭანტურია. როგორც ვიცი, 12 ივლისს 18-ივე ფეხბურთელით იქნება ნაკრები, ჯერჯერობით კი, 14 კაცი ვართ.

- ფინალური ეტაპის დაწყებამდე ამხანაგურებიც გექნებათ.

- 11 ივლისს რიგის "სკონტოს" ვხვდებით. 16-შიც გვექნება თამაში, ოღონდ, ჯერ არ ვიცი, ვისთან. ისე, კარგ პირობებში ვართ და მოუთმენლად ველით, როდის დაიწყება ჩემპიონატი. გვსურს, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.

- თქვენ სად გააგრძელებთ საკლუბო კარიერას, ჯერ არაფერია ცნობილი?

- არა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა.

- ლატვიაში წასვლამდე, რომელიმე გუნდთან ერთად ემზადებოდით?

- არა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. გორის "დილასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და უგუნდოდ ვარ.

- შეიძლება, ისევ "დილაში" ითამაშოთ?

- კონტრაქტით "საბურთალოს" ვეკუთვნი. შესაძლოა, კიდევ ვითამაშო "დილაში", მაგრამ ჯერ არაფერია გარკვეული.  

აქვე გეტყვით, რომ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს Eurosport-ი გადასცემს პირდაპირი ეთერით. ქართული ტელეარხებთან დაკავშირებით კი, ჯერ არაფერია გარკვეული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117106