ხორვატულ რიეკაში დასრულებულ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის XI ინდივიდუალურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ, ბაადურ ჯობავამ, რომელმაც შარშანდელი ბრინჯაოს მედალი ვერცხლზე გადაცვალა და კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. (აქამდე ზურაბ აზმაიფარაშვილი გახლდათ ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ახლა ვერცხლიც შეემატა ქართველი მოჭადრაკეების ევროპულ მონაგარს – რედ.)
ჯობავა რვა ტურის განმავლობაში ლიდერობდა და მე-9 ტურში ერთადერთი მარცხი იწვნია ახლა უკვე ევროპის ჩემპიონ, რუსეთის ამომავალ ვარსკვლავ იან ნეპომნიაშჩისთან. ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ჯობავა და რუსეთის წარმომადგენელი არტიომ ტიმოფეევი. დასკვნით ტურში, ბაადურმა დენის ხისმატულინს (რუსეთი) მოუგო, ხოლო ტიმოფეევმა რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.
ქართველმა დიდოსტატმა მეორე ადგილისთვის დამატებითი მატჩის პირველი 15 წუთიანი შეხვედრა ტიმოფეევს მოუგო, მეორე ყაიმით დაასრულა, მიკრო-მატჩში 1,5-0,5 გაიმარჯვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გთავაზობთ ინტერვიუს ევროპის 2010 წლის ვიცე-ჩემპიონ ბაადურ ჯობავასთან, რომელსაც რიეკაში ტელეფონით დავუკავშირდით.
- გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს მოუტანეთ.
- მადლობა თქვენ და “მსოფლიო სპორტის” რედაქციას მოლოცვისთვის.
- ამ ჩემპიონატზე თქვენს მიერ ნათამაშები პარტიებიდან, რომელს გამოარჩევდით?
- რა თქმა უნდა, ბოლო ტურში ხისმატულინთან მოგებულ პარტიას. მის მნიშვნელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შემოქმედებითი თვალსაზრისითაც კმაყოფილი დავრჩი.
- ტაი-ბრეიკში გამარჯვება ხომ არ გაგჭირვებიათ?
- ტიმოფეევს კარგად ვიცნობ, მასთან ადრეც მითამაშია, ამ ჩემპიონატის მსვლელობის დროსაც შევხვდი და მაშინაც მოვუგე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიმოფეევს დამატებით მატჩში დავამარცხებდი და ასეც მოხდა.
- ამ ჩემპიონატზე თქვენ ერთადერთი პარტია წააგეთ და ისიც, მომავალ ჩემპიონთან. აღნიშნული შეხვედრის შესახებ რას გვეტყვით?
- ევროპის ახალი ჩემპიონი 20 წლისაა, მაგრამ ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა და პირველი ადგილიც დამსახურებულად მოიპოვა. 11 შესაძლებლობიდან 9.0 ქულის დაგროვება და ისიც ევროპის ჩემპიონატზე, იოლი საქმე სულაც არაა. რაც შეეხება ჩემი და ნეპომნიაშჩის შეხვედრას, უკეთ თამაშიც შეიძლებოდა, მაგრამ ძნელია ტურნირის ყველა პარტიის ერთნაირად მაღალ დონეზე ჩატარება.
- ევროპის ჩემპიონატზე თქვენ, ისე როგორც არასდროს, ახლოს იყავით ჩემპიონობასთან, მაგრამ საბოლოოდ, მე-2 ადგილით დაკმაყოფილდით. ამ ტურნირზე თქვენს მიერ ნაჩვენები შედეგით, კმაყოფილი დარჩით?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ოქროს მედალი მომეპოვებინა, მაგრამ არც მეორე ადგილია ურიგო. თუ გავითავალისწინებთ, რომ მე-2 ადგილზე გასვლის შემდეგ, ჩემმა რეიტინგმაც 20 ქულით მოიმატა და ახლა 2715 ქულას შეადგენს, რამდენიც არასოდეს მქონია (ეს შედეგი სარეკორდოა ქართული ჭადრაკის ისტორიაში – რედ.), რიეკაში ჩემს მიერ ნაჩვენები შედეგით, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. აქვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ევროპის ჩემპიონატზე მქომაგობდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელმაც დანაპირები შეასრულა და ევროპის პირველობისთვის სათანადო მოსამზადებელი პირობები შემიქმნა.
როლანდ ლაბუჩიძე