12-18 სექტემბერს სტამბოლში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი მოჭიდავეები აზერბაიჯანელებმაც დაასახელეს. შემადგენლობა პირველებმა ბერძენ-რომაელებმა გამოაცხადეს – ორიოდ დღის წინ. გუშინ კი აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ნამიკ ალიევმა ჟურნალისტებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სიაც გააცნო.
კლასიკურ განაცხადში ერთ-ერთი გამოსარჩევი მსოფლიოს მოქმედი და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ჰასან ალიევია (60 კგ) - მოჭიდავე, რომელსაც რევაზ ლაშხმა გაზაფხულზე, ევროპირველობის ფინალში მოუგო. ალიევი სტამბოლში რევანშს და მსოფლიოს ოქროს დუბლს გეგმავს.
თავისუფალ სტილში ჩვენს მეზობლებს გამორჩეულად ხეთაგ გაზიუმოვის (96 კგ) ეიმედებათ. ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრის, გიორგი გოგშელიძის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი (რუს ჰაჯიმურატ გაცალოვთან ერთად) ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ევროპირველობა სულაც, სამი წელია, ოქროს მედლის გარეშე არ ჩაუმთავრებია.
აქვე სრული შემადგენლობები:
ბერძნულ-რომაული: როვშან ბაირამოვი (55 კგ), ჰასან ალიევი (60 კგ), ვიტალი რაგიმოვი (66 კგ), რაფიკ ჰუსეინოვი (74 კგ), სამან ტაჰმასები (84 კგ), შალვა გადაბაძე (96 კგ), მაქსიმ პროხოროვი (120 კგ).
თავისუფალი: მაჰმუდ მაგომედოვი (55 კგ), ზალიმხან ჰუსეინოვი (60 კგ), ჯაბრაილ ჰასანოვი (66 კგ), აშრაფ ალიევი (74 კგ), შარიფ შარიფოვი (84 კგ), ხეთაგ გაზიუმოვი (96 კგ), ჯამალადინ მაგომედოვი (120 კგ).