ძიუდო

23:33 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელები თბილისის გრან პრიზე ბაირამობენ

თბილისის სადებიუტო გრან პრის პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი, გულშემატკივრებისთვის კი ერთობ უღიმღამო გამოდგა. ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა ორ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე 11 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მათგან პოდიუმზე ასვლა მხოლოდ ერთმა შეძლო – 60 კილოგრამში მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა მესამე ადგილი (60 კგ) დაიკავა.

კაცებში, უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სატურნირო ბადეში 16 ძიუდოისტი ჩაეწერა. მათ შორის ოთხი საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი კი სულაც, პირველ ნომრად იყო განთესილი და რა გასაკვირია, მთავარ ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ არათუ ჩემპიონობისთვის გაბრძოლება, საპრიზო სამეულში შესვლაც ვერ მოახერხა. არადა ბრწყინვალედ დაიწყო – მონღოლი ცედენ რაახანჯავის ბეჭებზე დასაგდებად 15 წამი იკმარა.

ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა პაპინაშვილს ყაზახმა მეოთხედფინალში ჩაეკეტა, ყაზახ გაბიტ იესიმბეტოვთან წაგებით. ქართველი მსუბუქწონოსანი იუკოთი დაწინაურდა და ისე აქტიურად უტევდა, თითქოს საქმე მორიქ სუფთა გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მოულოდნელად მეტოქის მკლავებში მოჰყვა და მტკივნეულ ილეთს თავი ვერ დააღწია.

რეპეშაჟის ნახევარფინალში თანაგუნდელ გიორგი ბროლაშვილს დაეჭიდა და ილეთის გარეშე, გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ არსენ გალსტიანს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი მეორე ნომრად იყო განთესილი და მოვლენები რომ ლოგიკურად განვითარებულიყო, გრან პრი სწორედ პაპინაშვილისა და გალსტიანის ფინალით უნდა დაგვირგვინებულიყო.

“ბრინჯაოს ფინალი” კი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. პირველ ოთხ წუთში ქართველი ძიუდოისტი გაცილებით აქტიური იყო. მართალია ილეთი არ შეუსრულებია, მაგრამ მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა. მეხუთე წუთზე კი ამირანს დაღლა დაეტყო და გაცილებით აქტიური მოწინააღმდეგის იერიშების მოგერიება გაუჭირდა. ჯერ ერთი შიდო მიიღო, საფინალო სირენამდე ოციოდ წამით ადრე კი ვაზარზე დავარდა და ბრძოლის სათავისოდ შესატრიალებლად არც დრო ეყო და აღარც ძალა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილის მძლეველ გაბიტ იესიმბეტოვს სუფთა გდებით ერთ წუთში მოუმთავრა საქმე და მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

გიორგი ბროლაშვილმა და პაატა მერებაშვილმა ბრინჯაოს გზაზე გადართვამდე ორ-ორი ბრძოლა ჩაატარეს. ბროლაშვილმა აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლის სამ წუთში მოუმთავრა საქმე და ყაზახ იერკებულან კოსაიევთან იპონით წააგო. მერებაშვილი კი ებრაელი იოავ შემეშის იპონით ძლევის შემდეგ არსენ გალსტიანთან ორჯერ დავარდა ვაზარზე. საბოლოოდ ორივე ქართველმა მე-7 ადგილი დაიკავა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც ოთხი ქართველი გავიდა ტატამზე, მაგრამ საღამოს ბლოკში ჭიდაობის უფლება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა. ტრისტან ფეიქრიშვილს და შალვა ქარდავას მიზნამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

ქარდავა შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და სომეხ დავით ღაზარიანს გაფრთხილებებით 3:1 აჯობა. მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადასთან ვეღარას გახდა – მეორე წუთის ბოლოს ვაზარზე დავარდა და უმალ შებოჭვაზე მოჰყვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების წევრ ალიმ გადანოვს დაუპირისპირდა და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა, მაშინ, როდესაც მეტოქეს შიდოს უგებდა.

ტრისტან ფეიქრიშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან, გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ გიორგი ზანთარაიასთან მეოთხედფინალში განცდილი მარცხით დაასრულა. უილეთო შეხვედრაში მსაჯმა ზანთარაია ორჯერ გააფრთხილა, ხოლო ფეიქრიშვილი – ოთხჯერ.

გიორგი ზანთარაიასთან დაჭიდებამდე საქართველოს ნაკრების წევრმა აზერბაიჯანელ ტარლან კარიმოვს ერთი შიდოთი აჯობა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი მორიგ უილეთო შეხვედრაში მონღოლ ბატგერელ ბატსეცეგთან ასევე ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

ამავე წონაში საქართველოს სახელით გიორგი ქალდანმა და გელა კელიხაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ.

ქალდანმა შეჯიბრება ყაზახი ნაურუზბეკ მაილაშევის ძლევით გახსნა და ბატგერელ ბატსეცეგთან მარცხით დაასრულა. საინტერესოა, რომ ორივე შეხვედრა ილეთის გარეშე გაილია და გამარჯვებული გაფრთხილების ხარჯზე გამოვლინდა.

კელიხაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი მერვედფინალი და ალიმ გადანოვი აღმოჩნდა – მეხუთე წუთზე მსაჯმა საქართველოს ნაკრების წევრი მეოთხედ გააფრთხილა, რაც ავტომატურად წაგებას ნიშნავდა. იქამდე ორივე ძიუდოისტს სამ-სამი შიდო ჰქონდა.

ალიმ გადანოვთან დაჭიდებამდე გელა კელიხაშვილმა ებრაელი ბარ რაუფმანის ძლევა მოასწრო.

პირველი დღის შემდეგ კაცების საერთო გუნდურ ჩათვლას აზერბაიჯანის ნაკრები ერთპიროვნულად ლიდერობს. ქართული გრან პრი ბაირამობას ემთხვევა და აზერბაიჯანელმა ძიუდოისტებმა დღესასწაული ორი ოქროს მედლით გაილამაზეს..

დღესვე მედლები ქალთა 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენლები მხოლოდ 57 კილოგრამში ჰყავდა. საქმეში სალომე აბაშიძე, მარიამ ციხელაშვილი და სოფიო ბერიძე ჩაერთნენ, მაგრამ სამივემ პირველივე შეხვედრა წააგო.

სალომე აბაშიძე უნგრელ კატინკა სზაბოსთან შებოჭვაზე მოყვა. მარიამ ციხელაშვილი აზერბაიჯანელ კიფაიატ გასიმოვას იუკოს უგებდა, მაგრამ იპონზე დავარდა. სოფიო ბერიძემ კი რუს ტატიანა ნოსკოვასთან სამ წუთში ოთხი გაფრთხილება მიიღო.

ხვალ მედლების მორიგი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. კაცებში 73 და 81 კილოგრამებში, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ოთხივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ზურაბიანი (ოთხივე 81 კგ), ნინო მარტიაშვილი, შორენა შარაძე (ორივე 63 კგ) და თეა სუხიტაშვილი (70 კგ).

წილისყრა

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველთაგან შეჯიბრებას პირველივე წრიდან მხოლოდ ფრიდონ გიგანი დაიწყებს. დანარჩენები კი საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან. გიგანი იტალიელ მარკო მადალონის დაეჭიდება. ზებედა რეხვიაშვილს პირველ მეტოქედ უკრაინელი დმიტრო კანივეცი ერგო, ნუგზარ ტატალაშვილს – თურქმენი კასიმ პოპულოვი, ხოლო ლაშა შავდათუაშვილს უნგრელი მიკლოშ უნგვარი. დღის მთავარ ინტრიგად სწორედ ეს დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ, რადგან შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადის ფინალში სწორედ უნგვარს მოუგო. ცნობისთვის, მაშინ ორივე ძიუდოისტი ერთი წონით დაბლა – 66 კილოგრამში გამოდიოდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანიც პირდაპირ მეორე წრით დაიწყებენ. ჭრიკიშვილი სომეხ რაფაელ დავთიანს შეხვდება, ხოლო მარგიანი – ბერძენი რომან მუსტოპულოსისა და ყაზახი იერჟან აბდულაიევის წყვილიდან გასულს. გიორგი პაპუნაშვილი წილისყრამ ყაზახ ფარხად რუზუკულოვთან დააწყვილა, ლაშა ზურაბიანი – იტალიელ ანტონიო ჩანოსთან.

ნინო მარტიაშვილი აზერბაიჯანელ ხანიმ ჰუსეინოვას დაეჭიდება, შორენა შარაძე – ებრაელ როტემ შორს, თეა სუხიტაშვილი კი ასევე ებრაელ იარდენ მაიერსონს.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი – 17 საათიდან.

თბილისის გრან პრის ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და კომპანიები: “აქვა გეო" და "ზედაზენი" არიან. ტურნირის მხარდამჭერია თბილისის მერია.

 

ძიუდო

გრან პრი

თბილისი

21 მარტი

 

კაცები

 

60 კგ

1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

2 იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)

3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

7 გიორგი ბროლაშვილი (საქართველო)

7 პაატა მერებაშვილი (საქართველო)

 

66 კგ

1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

3 ბატგერელ ბატსეცეგი (მონღოლეთი)

3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

7 შალვა ქარდავა (საქართველო)

7 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

 

ქალები

 

48 კგ

1 ნატალია კონდრატიევა (რუსეთი)

2 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

3 ამელი როსენო (ისრაელი)

3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)

 

52 კგ

1 გილი კოენი (ისრაელი)

2 როსალბა ფორჩინიტი (იტალია)

3 ტატიანა ლევიცკა (უკრაინა)

3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

 

57 კგ

1 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

2 იოვანა როგიჩი (სერბეთი)

3 შუშანა გევორქიანი (უკრაინა)

3 კიფაიატ გასიმოვა (აზერბაიჯანი)

0.514635