ფეხბურთი

17:35 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახრიკ ცვეიბა - თბილისის "დინამოზე", დავით ყიფიანზე, კოტე მახარაძესა და გერმან ზონინზე

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი, 46 წლის ახრიკ ცვეიბა ჰყვება იმ ოთხწლიან პერიოდზე, რომელიც თბილისურ კლუბში გაატარა. ცვეიბა 1985-1989 წლებში თამაშობდა "დინამოში". სხვათა შორის, მას 4 სხვადასხვა ნაკრებში უთამაშია: სსრკ-ის, დსთ-ის, უკრაინის და რუსეთის. უკრაინის ნაკრებში სულ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ცვეიბა სოხუმშია დაბადებული და ისე მოხდა, რომ 17 წლის ასაკში შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის სკა-ში აღმოჩნდა, საიდანაც თბილისის "დინამომ" წაიყვანა.

ჩვენთვის Sports.ru-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს ის ნაწილია საინტერესო, სადაც ცვეიბა საქართველოს და ქართულ ფეხბურთში მოტრიალე პიროვნებებს ეხება.

- რატომ წახვედით ხაბაროვსკიდან ასე მალე?

- ხაბაროვსკში ჩამოდიოდნენ ქუთაისის "ტორპედო" და ლანჩხუთის "გურია". ვიღაცამ თბილისის "დინამომდე" მიაწვდინა ხმა, რომ მე სკა-ში ვთამაშობდი. ადრე ხომ საქართველოს ყველა საუკეთესო ფეხბურთელი "დინამოს" მიჰყავდა. რა თქმა უნდა, თბილისური კლუბის ხელმძღვანელებმა ჩემი ამბავი რეაქციის გარეშე არ დატოვეს და ჩემს პირველ მწვრთნელს უსაყვედურეს: "როგორ შეეძლო ცვეიბას სადმე წასვლა? სასწრაფოდ თბილისში მოიყვანეთ გასინჯვაზე".

- "დინამოში" თქვენი პირველი მწვრთნელი დავით ყიფიანი იყო. როგორ პიროვნებად დაგამახსოვრდათ?

- საოცრად მახვილგონივრული. იუმორის მშვენიერი გრძნობა ჰქონდა. როცა თავად თამაშობდა, "დინამო" უცხოეთში თარჯიმნის გარეშე მიდიოდა - ყიფიანმა ინგლისური კარგად იცოდა. ეს ნონსენსი იყო იმ პერიოდში! ყველა ფიქრობდა, ზედმეტი ტვირთია, რა საჭიროა უცხოური ენის სწავლაო. ყიფიანი ინტელიგენეტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა: თავად იურიდიულზე ისწავლა. ინგლისურს იოლად ფლობდა.

- ყიფიანი ხშირად გაოცებდათ?

- ერთხელ მოსკოვის "სპარტაკთან" ფრედ ვითამაშეთ. თამაშის მერე რესტორანში ვსაუზმობთ, უცებ ყიფიანი გამოდის სცენაზე, ხელში მიკროფონს იჭერს და რომელიღაც რუსულ სიმღერას იწყებს. და მღერის მართლაც კარგად. ჩვენ თვალებსა და ყურებს არ ვუჯერებთ! ყიფიანმა საოცარი სადღეგრძელოები იცოდა. ჩემპიონატში შესვენებების დროს გასართობ მატჩებს ვატარებდით რეგიონის გუნდებთან, თუმცა მაყურებელი ყოველთვის უხვად იყო, რათა თბილისის "დინამოს" თამაში ცოცხლად ენახათ. მატჩის შემდეგ ყოველთვის ბანკეტი იყო, იქ კი ყოველთვის ყიფიანის სოლო იწყებოდა.

- ყიფიანმა ინტერვიუში თქვა, რომ "დინამოდან" პირველად იმის გამო გაუშვეს, რომ მეუღლეს გაშორდა. კლუბის ხელმძღვანელებმა ეს უღირს საქციელად ჩაუთვალეს. შემდეგ ყიფიანმა პროკურატურაში დაიწყო მუშაობა. და როგორ დაბრუნდა "დინამოში"?      

- ფეხბურთელთა ხმების უმრავლესობით, ყიფიანის კანდიდატურამ გაიმარჯვა. ასე აირჩიეს მწვრთნელი. სამი კანდიდატურა იყო: ყიფიანი, გიგა ნორაკიძე და მურთაზ ხურცილავა.

- კოტე მახარაძემ ყიფიანზე ბევრი მოგონება დაგვიტოვა. თქვენ როგორ მოიგონებდით მახარაძეს?

- კოტე მახარაძე რუსთაველის თეატრში მუშაობდა და სიტყვების ისეთ მარაგს ფლობდა, ტელევიზორს ყურს ვერ მოაშორებდი: «Кинжальный удар», «пока мяч в воздухе, объявлю составы» - ამას კოტე მახარაძე იგონებდა. ბატონ კოტეს ფანატიკურად უყვარდა ფეხბურთი, ჩვენს ყველა მატჩს ესწრებოდა.

- ქართველ მეგობრებს რუსულად ესაუბრებით? (საქმე ისაა, რომ ინტერვიუს დროს, ცვეიბას რევაზ ჩელებაძემ დაურეკა).

- თბილისის "დინამოში" რომ მივდიოდი, მაშინაც არ ვიცოდი ქართული. თბილისში ვისწავლე.

- თბილისში გერმან ზონინის მწვრთნელობის დროს უკეთ ათამაშდით. რით გამოირჩეოდა ის ქართველი მწვრთნელებისგან?

- რუსი მწვრთნელები საქართველოში ყოველთვის წარმატებებს აღწევდნენ. ახალკაცი და ყიფიანი ტექნიკაზე აკეთებდნენ გათვლას, ზონინი კი სისწრაფეზე. "დინამომ" ზონინის ხელში უკეთ დაიწყო თამაში.

- ზონინი ამბობდა, რომ თბილისის "დინამოდან" იმის გამო წამოვიდა, რომ არზიანმა ბურთი სახეში მოარტყა. თქვა, ტვინის შერყევა მქონდა და სამი დღე კომაში ვიყავიო. ზონინის ისტორია მოგვიყევით.

- ერევანში ვეთამაშებოდით "არარატს". ეს მატჩი იგივე "რეალი"-"ბარსელონა" იყო. ერთ მომენტში "არარატის" კაპიტანმა ალბერტ სარქისიანმა სახეში შემაფურთხა. შეურაცხყოფილი ვიყავი, გავეკიდე და მეც შევაფურთხე. მსაჯმა ჰუსაინოვმა ორივეს წითელი ბარათი "გვაჩუქა". თამაშის შემდეგ, ზონინი გასახდელში შემოდის და ამბობს: აბა, ვის ეგონა, რომ ცვეიბა აქლემი იქნებოდა?". სხვათა შორის, მოგვიანებით სარქისიანი კიევის "დინამოში" გადმოვიდა და დავმეგობრდით.

- 1986 წელს თბილისის "დინამოში" ვალერი გაზაევი თამაშობდა. როგორი ფეხბურთელი იყო?

- დაბალი, სწრაფი. ნამდვილი პროფესიონალი იყო: არ ეწეოდა, არ სვამდა. სადაც საჭირო იყო, დრიბლინგზე მიდიოდა, თუ არადა, პასს იძლეოდა. გაზაევმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ახალკაცთან რაღაც გაუგებრობა მოუხდა. გაზაევი სულ ერთი წლით დარჩა "დინამოში", არადა, შეეძლო, კიდევ ეთამაშა. საბჭოთა მწვრთნელებს ასეთი პრინციპი ჰქონდათ: თუ ფეხბურთელი 30 წელს გადასცილდებოდა, კარიერა უნდა დაესრულებინა. 10 წლის შემდეგ, გაზაევმა "ალანიაში" მიმიწვია და კარიერაც მის გაწვრთნილ მოსკოვის "დინამოში" დავასრულე.

- როდესაც ვალერი ლობანოვსკიმ მიგიწვიათ, თბილისელები თქვენს შენარჩუნებას არ ეცადნენ?

- თბილისში ბაზაზე ვცხოვრობდი და როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც მანქანაზე ვოცნებობდი. კიევში როცა მივდიოდი, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა გორგოძემ გამომიძახა და მითხრა: "ჩემი ფონდიდან გამოვყოფ თანხას, რათა მანქანა შეიძინო. დარჩი, ჩვენი ჩემპიონატი გვექნება და ევროპის დონეზე გავალთ". ახალკაცი და კახი ასათიანიც რაღაცას მპირდებოდნენ, თუმცა კიევიდან თავად ლობანოვსკი მიწვევდა და ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა.

- ევრო-1992-ისას დსთ-ის ნაკრებში თამაშობდა ქართველი კახა ცხადაძე და კიდევ სამი უკრაინელი. გაუგებრობა სუფევდა გუნდში?

- რა თქმა უნდა. არც დროშა, არც ჰიმნი... თითქოს დიდი ქვეყნის ნაკრები კი არა, ობოლი ბავშვების გუნდი ვყოფილიყავით. არადა, მშვენიერი გუნდი იყო. შესარჩევ ჯგუფში გავასწარით ნორვეგიასა და იტალიას თავისი ვიალითა და მანჩინით...

 

 

0.121636