როგორც იცით, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა ამჟამად საფეხბურთო მენეჯერად მუშაობს. მეტწილად რუსეთში აქვს არეალი, თუმცა უკრაინასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც ჩაუყვანია ფეხბურთელები. ცვეიბა გუდაუთაში დაიბადა და სოხუმის "დინამოში" იწყებდა კარიერას, თუმცა შეიძლება ითქვას, მისი პროფესიული კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, სადაც 1985-1989 წლებში ითამაშა. შემდეგ იყო კიევის "დინამოში", რუსულ "კამაზში", იაპონიის "გამბა ოსაკაში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", ჩინეთის "ციანძვეი ხუანდანოში", ყალმუხურ "ურალანსა" და მოსკოვის "დინამოში".
ისე გამოვიდა, რომ ცვეიბამ ოთხ ნაკრებში ითამაშა: სსრკ, დსთ, უკრაინა (ერთი მატჩი) და რუსეთი. ახრიკის შვილი, სანდრო ცვეიბა მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებშია.
ახრიკ ცვეიბა sportsdaily.ru-სთან საუბარში თბილისის "დინამოში" გატარებულ პერიოდსაც ეხება:
- როდის შეიტყვეთ, რომ თბილისის "დინამო" საბჭოეთის ჩემპიონატიდან გადიოდა?
- 1990 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის ნაკრები გერმანულ რუიტში წავიდა შეკრებაზე. ერთი თვე ვივარჯიშეთ, 40 კაცი ვიყავით და მათგან 25 წაგვიყვანეს ამერიკაში, "მალბოროს თასზე". ვბრუნდებით იქიდან და ვალერი ლობანოვსკი აეროპორტში მეუბნება: "ახრიკ, როგორც ფეხბურთელს გაზრდა თუ გსურს, ჩაიწერე ჩემი ტელეფონი. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაქვს. ახლა წადი თბილისში, თავად შეიტყვე ყველაფერი, ჩვენ კი გელით". ეტყობა, ლობანოვსკიმ უკვე იცოდა, რომ საქართველო ცალკე აპირებდა ჩემპიონატის გამართვას.
- რა უპასუხეთ?
- ნდობისთვის მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ მართლაც თავად უნდა გამეგო, რა ხდებოდა თბილისის "დინამოში". ჩავედი საქართველოს დედაქალაქში და შევიტყვე, რომ ყველა ქართული კლუბი გამოდიოდა სსრკ-ის ჩემპიონატიდან. თუმცა, ყველაფერი იოლად როდი მოხდა. დარჩენას მთხოვდნენ, მანქანის ყიდვას შემპირდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა მთხოვა, არ წახვიდეო. თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და მალე ლობანოვსკის კიევში დავურეკე.
- და რა რეაქცია ჰქონდა ლობანოვსკის?
- პირდაპირ მითხრა: "მითხარი რეისის ნომერი, დაგხვდებიან". ჩავფრინდი კიევში, მანქანა დამხვდა და სასტუმრო "კიევის" ლუქსში დამაბინავეს. იქვე მომცეს მთელი ეკიპირება. გასაოცარი პროფესიონალიზმი იყო, მაგრამ თურმე ეს მხოლოდ დასაწყისია.
- ინტრიგა?
- კიევს არ ვიცნობდი და კლუბში ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რათა მივჩვეოდი ქალაქს. მძღოლს ყველგან დავყავდი. თბილისში მიჩვეული ვიყავი, რომ სათამაშო ფორმა უნდა გამერეცხა, კიევის "დინამოში" კი ვარჯიში ხეირიანად არც იყო დამთავრებული, რომ უკვე სარეცხ მანქანაში აგდებდნენ. მომდევნო ვარჯიშისას კი ფორმა სუფთა იყო.
- ამბობენ, ლობანოვსკი ექსტრასენსივით გავლენას ახდენდა ფეხბურთელებზეო.
- დღემდე ვერ ვხვდები, რა იყო ეს. საკმარისი იყო, 20 წუთი ყოფილიყავი მასთან კაბინეტში და გესაუბრა, რომ ისეთი განწყობით გამოდიოდი, გეგონებოდა, ამ კაცის გულისთვის მთას გადადგამდი. დღემდე შთაბეჭდილებებში ვარ ლობანოვსკის სამუშაო მეთოდებით. მას საოცარი აურა შემოჰქონდა გუნდში.
- კიევში ხელფასი რამდენი გქონდათ?
- 1000 მანეთს ვიღებდიი, პრემიებს კი იმ დროს დოლარებში გვაძლევდნენ. ამასთან, 120 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა მომცეს და ასევე, "მერსედეს 190". 90-იანი წლების დასაწყისის კვალობაზე ბრწყინვალე იყო.
- თბილისის "დინამოში" რამდენს იღებდით?
- 300 მანეთს. ამასთან, არც ბინა, არც მანქანა...
- სულ ესაა? რატომღაც კავკასიურ გუნდებზე სულ გვესმოდა, რომ სხვა ხელფასები იყო...
- სიმართლეს გეუბნებით. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ თბილისში ყოველწლიურად მპირდებოდნენ, რომ მანქანა მექნებოდა. ხომ ხვდებით, რა კარგია ახალგაზრდა ბიჭისთვის მანქანით სეირნობა... ბინაზე კი ლაპარაკიც არ ყოფილა. თბილისში 5 წლის განმავლობაში ხუთ მწვრთნელთან ვიმუშავე, ყველა რაღაცას მპირდებოდა, მაგრამ ბაზაზე ვცხოვრობდი და არაფერი იცვლებოდა. თბილისური და კიევური პირობები ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა.
- 1990 წლის მუნდიალზე მაინც ვერ ითამაშეთ. არადა, იტალიაში ნაკრებთან ერთად წახვედით. რა მოხდა?
- ვარჯიშზე ტრავმა მივიღე. ლობანოვსკი ივან იარემჩუკს გაუბრაზდა, მოშვებული თამაშობო. იარემჩუკიც ამან გაახელა და ორთაბრძოლისას ხისტად წამოვიდა. აი, მაშინ მიმტყუნა კოჭმა.
- ამისთვის იარემჩუკს მადლობა უთხრეს?
- რას ამბობთ! უხეშობას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ეს შემთხვევით მოხდა.
ილია ნანობაშვილი