ფეხბურთი

11:28 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალწვეულების საღამო “კინგსტონ სთედიუმზე”

 

პრემიერლიგის მე-4 ტური “კინგტონ სთედიუმზე” მეტად სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ჰალ სიტიმ” გასტონ რამირესი, მოჰამედ დიამე, აბელ ერნანდესი და ჰატემ ბენ არფა დაიმატა. ამიტომაც, “ვესტ ჰემთან” შეხვერაში ბევრი სტივ ბრიუსის გუნდის გამარჯვებას ელოდა.

ძირითადში დაიწყეს აბელ ერნანდესმა და მოჰამედ დიამემ, რომელიც პირველივე შეხვედრაში ყოფილ კლუბს უპირისპირდებოდა, ხოლო ბენ არდა და რამირესი თადარიგში იყვნენ. რაც შეეხება “ვესტ ჰემს”, სატრანსფერო პერიოდის ბოლოში დამატებული მოთამაშეები – ალექს სონგი და მორგან ამალფიტანო სემ ელარდაისმა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. სამაგიეროდ, ძირითადში მოხვდა ენერ ვალენსია, რომელმაც მუნდიალზე ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი.

პირველი ტაიმი თანაბრად მიმდინარეობდა და ისეთი პირი უჩანდა, რომ უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 39-ე წუთზე ელმოჰამედის ჩაწოდებულს აბელ ერნანდესი თავურით შეეგება და სადებიუტო შეხვედრაშივე გახსნა მონაგარი.

მეორე ნახევარი სტუმრებმა ცოცხლად დაიწყეს, რასაც 50-ე წუთზე ენერ ვალენსიას დიდებული გოლი მოჰყვა. ეკვადორელმა, მცველი ჩამოიშორა და შორეული დარტყმით შანსი არ დაუტოვა მაკგრეგორს. კიდევ ერთი ლამაზი გოლი ვიხილეთ 64-ე წუთზე – მოჰამედ დიამემ ყოფილ გუნდს შესანიშნავი გაუტანა და “ვეფხვები” კიდევ ერთხელ დააწინაურა. “ჩაქუჩები” მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა, დევისმა გადაარჩინა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა 67-ე წუთზე. ამის შემდეგ, ორივე კლუბს შეეძლო მოგება, თუმცა ამასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ – 94-ე წუთზე ენერ ვალენსიას თავური ჯერ ცარიელ კართან მდგომ მაიკლ დოუსონს მოხვდა, ხოლო შემდგომ ხარიხამ აისხლიტა ბურთი და ”ჰალი” წაგებას გადაურჩა.

მომდევნო ტურში, “ჰალი” სტუმრად ეთამაშება “ნიუკასლს”, ხოლო “ვესტ ჰემი” “ლივერპულს” უმასპინძლებს.

ჰალი – ვესტ ჰემი 2:2 (1:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი, დევისი, დოუსონი, რობერტსონი, ელმოჰამედი, ქუინი (ბრედი 58), დიამე (რამირესი 79), ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ერნანდესი (ბენ არფა 79), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კრესველი, რიდი, ტომკინსი, დემელი (ჯენკინსონი 76), კუაიტე, ნობლი, დაუნინგი, ზარატე (სონგი 62), ვალენსია, სახო (ამალფიტანო 87).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ერნანდესი (39), 1:1 ვალენსია (50), 2:1 დიამე (64), 2:2 დევისი (67 ს.კ.).
გაფრთხილებები: ჰადლსტოუნი, რობერტსონი, ლივერმორი – რიდი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 11(6)-16(4), ჯარიმა: 12-7, კუთხური: 3-10, თამაშგარე:1-1, სეივი: 2-4


ბომბარდირები:
დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 7, აგუერო (“სიტი”), ნეისმიტი (“ევერტონი”), დაიერი (“სუონსი”), ჩადლი (“ტოტენჰემი”), შნეიდერლენი, პელე (“საუთჰემპტონი”), ულოა (“ლესტერი”) - 3.


ირაკლი ალიმბარაშვილი


 

0.150151