ჭიდაობა

17:13 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი თაობის ევროშეჯამება და მზადება ახალი პროექტისთვის

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს შეხვდა. ასაკობრივი ევროპირველობები მინისტრმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად შეაჯამა და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. პრესკონფერენციას ორივე სტილის ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები სრული შემადგენლობით დაესწრნენ.

შეგახსენებთ, 2-7ივლისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა, სადაც ქართველმა ფალავნებმა ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბერძენ-რომაელთაგან იაკობ ქაჯაიამ (120 კგ) იჩემპიონა, ვერცხლი ირაკლი შავაძემ (50 კგ) დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოები რობერტ ქობლიაშვილმა (84 კგ), ლაშა გობაძემ (74 კგ) და კუკური კირცხალიამ (96 კგ) მოიპოვეს.

თავისუფლებიდან ჩემპიონი გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ხაშურელი დავით ბუზიაშვილი (66 კგ) და თბილისელი ლაშა გიგაშვილი (74 კგ) გავიდნენ. 17-25 ივნისს მონტენეგროში, ქალაქ ბარში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე საქართველოს ბერძენ-რომაულმა ნაკრებმა 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო მოიპოვა. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები გიორგი კურტანიძე (54 კგ) და ლევან ქავჟარაძე (58 კგ) გახდნენ, თემურ შავაძე (46 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) კი მესამეზე გავიდნენ. თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა ნაკრები 3 ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. კვარცხლბეკზე ალექსანდრე კილაძე (42 კგ), შმაგი თოდუა (46 კგ) და რამაზ ზოიძე (58 კგ) ავიდნენ.

“სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა, ევროპის ჩემპიონატები როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს შორის ჩატარდა და დროა ჩვენი მოჭიდავეების ნაჩვენები შედეგები შევაჯამოთ. თბილისურ ევროპირველობაზე აქამდეც ვისაუბრეთ დაწვრილებით და ახლა მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ შეჯიბრების საორგანიზაციო მხარით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. რაც შეეხება ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების ევროპულ მონაგარს, იგი 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალს შეადგენს. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგიანობაა. Kიდევ ერთხელ გამოჩნდა თვალნათლივ, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. ეს კი ჩვენი ჭიდაობის წარმატებული მომავლის იმედსაც აჩენს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და იმედია შედეგიანობა ხარისხობრივად გაიზრდება. რაოდენობრივად ყველაფერი რიგზეა. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ყველას, ვისაც ამ მედლების მოპოვებაში წვლილი მიუძღვით. მადლობა სპორტის სამინისტროს, რადგან მისი მხრიდან მხარში დოგმას მუდმივად ვგრძნობთ” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ლევან ყიფიანმა მოჭიდავეებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად სამომავლოდაც მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, ჩავლილ ევროპირველობებზე ხვავრიელად გამოსვლა მიულოცა, მათ და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე გულშემატკივრების კიდევ უფრო მეტად გახარება უსურვა.

სპორტის მინისტრმა ნაკრებების წევრებსა და მწვრთნელებს იმ საკითხებზე ჩაღრმავება სთხოვა, რომლებიც სამომავლოდ გამოსასწორებელია. Oრივე ასაკობრივი გუნდის დამრიგებლებმა ერთხმად, ყურადღება საერთაშორისო ტურნირებისა და მოსამზადებელი შეკრებების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა სატურნირო გამოცდილების ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად ჭიდაობის ახალი პროექტი დაასახელა. ფედერაცია საკლუბო სისტემის დასანერგად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და სიახლე სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც შიდა კონკურენციის გარდა, სპორტსმენებისა მწვრთნელების მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ახალი პროექტს მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს სავარაუდოდ წლის ბოლოს წარუდგენენ.

სპორტის სამინისტროს ფოტო


0.124098