ჭიდაობა

21:22 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ეკიპირება და ბუდაპეშტის ბორჯომული სამზადისი

 

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს ასრულებენ. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას, 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტი უმასპინძლებს და მასზე, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, ტრადიციულად, სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან.

დასკვნით შეკრებას ბორჯომის სპორტკომპლექსი “ოლიმპი” მასპინძლობს. სწორედ ამ შეკრებაზე დაასახელეს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა უნგრულ ხალიჩაზე გასაყვანი შვიდეულები. თუმცა, მოულოდნელი გადაწყვეტილება არც ბერძენ-რომაელთა თავკაც ოთარ ტატიშვილს მიუღია და არც თავისუფალთა დამრიგებელ რევაზ მინდორაშვილს. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განკარგულება არც ერთმა არ დაარღვია და განაცხადი საქართველოს თასის ჩემპიონებით შეავსო.

ერთადერთი გამონაკლისი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილია, რომელმაც საქართველოს თასზე ტრავმის გამო ვერ იჭიდავა, მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდეულში მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა.

დღეს, მოჭიდავეებმა “ოლიმპის” დარბაზში ჟურნალისტებს უმასპინძლეს. დილით ბერძენ-რომაელებმა გამართეს საკონტროლო შეხვედრები, საღამოს კი ხალიჩაზე თავისუფალი სტილის მიმდევრები შევიდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი გუნდების გასამხნევებლად, ბორჯომში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვიც ჩავიდნენ.

“ჭიდაობა ქართული სპორტის ის სახეობაა, რომლისგანაც მუდამ წარმატებებს ველით. ასეა ახლაც. ვიცი, რომ ჩვენი ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგ პირობებში ემზადებოდნენ. იმედია, ეს შედეგიანობაზეც აისახება”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა და ხაბელოვთან და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად, ორივე ნაკრების ახალბედა წევრებს ახალი სპორტული ეკიპირება გადასცა.

დებიუტანტების სიმრავლით, განსაკუთრებით ბერძენ-რომაელთა გუნდი გამოირჩევა. უმაღლესი დონის შეჯიბრებებზე ჭიდაობის გამოცდილება მხოლოდ რევაზ ლაშხს (60 კგ) აქვს. ევროპის ჩემპიონსა (2011) და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, (2012) ერთადერთი, რაც მომავალი შეჯიბრების წინ აფიქრებს, საჭიდაო წესებში ბოლო დღეებში განხორციელებული ცვლილებებია.

“წესებში კიდევ რამდენიმე სიახლეა, რომლებითაც, ცხადია, ჯერ არ მიჭიდავია, მაგრამ ვეცდები კარგი ფიზიკური და ტექნიკური ფორმის ხარჯზე ალღო ადვილად ავუღო”, – უთხრა ლაშხმა “მსოფლიო სპორტს”.

ოთარ ტატიშვილმაც განახლებულ წესებსა და გამოუცდელ შემადგენლობაზე გაამახვილა ყურადღება:

“მოგეხსენებათ, მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელი გუნდი, საქართველოს თასის შედეგებით გამოიკვეთა. შედეგად, შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსი, ისეთი მოჭიდავეებით დაკომპლექტდა, რომლებსაც დიდ ტურნირებზე ჭიდაობის გამოცდილება არ აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, დასაფიქრებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება დადებითი მომენტიც იყოს – ახალგაზრდა გამოუცდელი სპორტსმენები მაქსიმალურად მოტივირებულები შეხვდებიან ჩემპიონატს. რაც მთავარია, ნაკრები კარგადაა მომზადებული და ტრავმაც არავის აწუხებს. და კიდევ, ამ ბიჭებისთვის დამატებითი სტიმულია ორიოდ დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – ჭიდაობის ოლიმპიურ პროგრამაში დატოვება”, – განაცხადა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა.

თავისუფალთა გუნდი ბუდაპეშტში შედარებით გამოცდილი და ტიტულებიანი სპორტსმენებით მიდის, თუმცა დებიუტანტები რევაზ მინდორაშვილის შვიდეულშიც არიან. ძირითადი იმედები, ცხადია, ევროპის მოქმედ ჩემპიონ დავით მარსაგიშვილსა (84 კგ) და ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე (60 კგ) მყარდება. ასევე, ევროპის მოქმედ ჩემპიონ გიორგი ედიშერაშვილსა (55 კგ) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილზე (120 კგ). 19 წლის მძიმეწონოსანმა, წლეულს უფროსებში, თბილისურ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხინჩეგაშვილმა და მარსაგიშვილმა მოკლე კომენტარები გააკეთეს. ორივემ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადნენ და შეჯიბრებაზე უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას გეგმავენ

ბოლოს კი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი:

“მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები გეგმაზომიერად გავიარეთ. გუნდი შეჯიბრებას კარგ ფორმაში ხვდება. დავით მარსაგიშვილი ტრავმის გამო ცოტა გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ მაინც მოასწრო სასურველ კონდიციამდე მისვლა. მცირე ტრავმები ახლაც აქვთ ბიჭებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მხარი აწუხებს, თუმცა საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს, საკმაოდ გადატვირთული სეზონი აქვს და ერთხანს ცოტა გადაღლაც შევატყვე, მაგრამ შეძლებისდაგვარად ნაკლებად დავტვირთე და ვფიქრობ, პრობლემა არ არსებობს. შედეგისთვის ბრძოლა ჩამოთვლილ მოჭიდავეებსაც შეუძლიათ და ნაკრების დებიუტანტებსაც”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” რევაზ მინდორაშვილმა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ბორჯომულ შეკრებას 13 სექტემბერს დაასრულებენ. უნგრეთში კი 14-ში გაემგზავრებიან.

 

საქართველოს ნაკრები

 

ბერძნულ-რომაული

55 კგ - ბაჩანა ფუტკარაძე

60 კგ - რევაზ ლაშხი

66 კგ - საჩინო დავითაია

74 კგ - ილია გულბათაშვილი

84 კგ - გიორგი ცირეკიძე

96 კგ - ვასილ იმერლიშვილი

120 კგ - ლევან არაბული

 

თავისუფალი

55 კგ - გიორგი ედიშერაშვილი

60 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

66 კგ - ლევან ქელეხსაშვილი

74 კგ - იაკობ მაქარაშვილი

84 კგ - დავით მარსაგიშვილი

96 კგ - დავით ქერაშვილი

120 კგ - გენო პეტრიაშვილი


0.478895