სტატიები

15:17 | 2.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ბრაზილიელები, ანუ სპექტაკლები ლონდონში

განსაკუთრებული ახალგაზრდა თაობა - ასე უწოდებენ ბრაზილიის იმ ნაკრებს, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე 90-წუთიან სპექტაკლებს დგამს. ასეთი სპექტაკლი უკვე სამჯერ გაიმართა და მანუ მენეზეშის გუნდს, დაბარებულივით სამ-სამი გოლი გააქვს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბრაზილიის ამ ნაკრებმაც თუ ვერ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო, საშველი აღარ ყოფილა. არადა, როგორ აკლია ამ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანას ოლიმპიური ჩემპიონობა.
რაღაც უხერხულად ჟღერს, რომ "სელესაო" არასოდეს ყოფილა ოლიმპიადის გამარჯვებული... დაახლოებით იგივეა, რაც ჩეხ ჩოგბურთელ ივან ლენდლის ემართებოდა: ყველაფერს იგებდა, უიმბლდონზე კი ვერა და ვერ გაიხარა.   
თუმცა, ოლიმპიადა ოლიმპიადაა და აქ 23 წელს ზემოთ მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს თამაშის უფლება. ზოგადად კი, ბრაზილიის ამ თაობას გამიზნულად აჰკიდეს დიდი ტვირთი, გამიზნულად იძახებენ 19-20-21 წლის ბიჭებს ეროვნულ ნაკრებში. რატომ? სწორედ ამ თაობის იმედი აქვთ 2014 წლის მუნდიალზე.
ეს იმედი შარშან გაჩნდა, როცა 20-წლამდელთა მუნდიალი მოიგეს. კურსი აღებულია, ახლა მთავარი საფიქრალი სხვაა - დრო. დრო ულმობელია, ორი წელიწადი დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, მანამდე კი ეს პატარა ვირტუოზები უნდა დაღვინდნენ, განვითარდნენ, ტვირთის ზიდვას შეეჩვიონ.
და რა ისეთი პატარა ასაკია ბრაზილიელისთვის 22-23 წელი? განა დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელები ამ ასაკში არ ბრწყინავდნენ? განა ბევრ ბრაზილიელს ჩამოთვლით, "ოქროს ასაკი" უფრო გვიან რომ დაწყებოდათ?
ხოლო კითხვაზე, თუ რატომ აიღეს კურსი ახალ თაობაზე, სრულიად გასაგებია: ბრაზილიას ბოლო წლებში შემოაკლდა ვარსკვლავები: სადღაა რონალდო, რივალდო, ადრიანო, რობერტო კარლოსი, ან სადღაა ძველი კაკა? ეს ორ-სამწლიანი წყვეტა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ბრაზილიაში დაფიქრებულიყვნენ. ბრაზილია განსაკუთრებული საფეხბურთო ქვეყანაა და მათთვის ვარსკვლავების ნაკლებობა ერთი ყურიდან მეორეში გასატარებელი როდია. სხვა შეეგუება, ისინი ვერა.
... ახალი თაობის მთავარ ვარსკვლავზე: თუ არ გინახავთ ნეიმარის გარღვევა და ქუსლით პასი ბელარუსთან, აუცილებლად ნახეთ. არასოდეს მინახავს, თავით გამიზნულად ფეხებს შუა გაეტარებინოთ ბურთი მეტოქისთვის და ის პასიც (ოსკარმა რომ გოლად აქცია) უბრალო ქუსლური არ იყო.
ბრაზილია ისევ განსაკუთრებულად თამაშობს.
ოსკარი, ცენტრალური ნახევარმცველი წლეულს "ინტერნასიონალიდან" შეიძინა "ჩელსიმ". ტიპური ბრაზილიელი, რბილი მანერის ფეხბურთელი ლონდონშიც ამტკიცებს თავის ძალას. ამას დაუმატეთ ფანტაზისტა ლუკაში - ზოგჯერ ჩრდილში რომ დგება, მაგრამ უცებ აფეთქდება-ხოლმე. მას ხან 'ახალ კაკას" უჭოდებენ, ხან "ახალ რონალდინიოს", შეტევაში ნაირ-ნაირი სვლები აქვს, მთავარი იარაღი კი დრიბლინგია. განსო ბრწყინვალეა თამაშის ორგანიზაციაში, მასაც ჯერ დრო სჭირდება დასაღვინებლად.    
პატო და დამიაო - თავდასხმაში ნეიმარის გვერდით ალტერნატივა არსებობს. პატო და დამიაო განსხვავებული ტიპის ფორვარდები არიან. დამიაო ტიპიური მეგოლეა, კარგად ერკვევა მეკარის ბაქანთან შექმნილ სიტუაციებში, პატო კი უკეთესია ოდნავ სიღრმიდან. მთავარი პრობლემა "მილანის" ფორვარდს ის აქვს, რომ ხშირად იღებს ტრავმას. მოკლედ, ნეიმარი და ალტერნატივა - პატო და დამიაო. ორივე მათგანი დიდ იმედებს იძლევა. ამას დაუმატეთ ჰალკი, უბრალოდ, მასზე იმიტომ არ შევაჩერეთ ყურადღება, რომ ასაკით ამ ბიჭებზე უფროსია, ჩვენ კი უახლეს თაობაზე ვსაუბრობთ.  
ბრაზილია ლონდონში მხოლოდ შემტევებით როდი ბრწყინავს.  იქ არიან "ტოტენჰემის" საყრდენი სანდრო, "პორტუს" ფლანგელი მცველი დანილო, "რეალის" მარცხნიდან ამწიოკებელი მარსელო, "ინტერის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ჟუან ჟესუსი და სხვები.  
მოკლედ, ძალიან ნიჭიერი თაობაა და ბრაზილიაში ხშირად ამბობენ, ამდენი ერთად ბოლო წლებში არ წამოსულაო. კიდევ ვამბობთ, დრო არის მთავარი. ორი წელი დარჩა მუნდიალამდე.
მთლიანობაში, დღევანდელი ბრაზილია სრული ანტიპოდია ამ ქვეყნის წარსული ნაკრებებისა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. განა შეიძლება, თევზს ცურვა დაავიწყდეს? ბრაზილიისთვისაც ასევე წარმოუდგენელია ფეხბურთი, სადაც არ იქნება იმპროვიზაცია, დრიბლინგი, რბილი მანერა, ბურთის ფლობის სიყვარული.
ამ ნაკრებისთვისაც ლამის ტრაგედიაა, როცა ბურთს კარგავს, ხოლო როცა ფლობენ, კატა-თაგვობანას თამაშსაც არ ერიდებიან. ჩინეთის ნაკრების მაისურაც რომ გადააცვა, ბრაზილიელთა მოქმედებას იცნობ.
გოლებიც უცნაურად ლამაზად გააქვთ. სხვების თვალში, შესაძლოა, გოლის გატანის ძნელი გზა აირჩიონ, მაგრამ ეს ძნელი მათთვის მარტივია. რა რჯიდა ნეიმარს, რომ მაინცდამაინც ქუსლით გაუკეთა პასი ოსკარს? მიეცა ტერფით. ან რაღა თავით გაუძვრინა ბურთი ბელარუსს ფეხებს შუა? მიეღო ბურთი, ფეხში მოეგდო და გასცდენოდა ჩვეულებრივ.
ვიცით, ბევრმა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, "მარიაჟობად" ჩათვალა ნეიმარის ფინტები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ორიგინალურობა და პრაგმატიზმი ერთმანეთს ემთხვევა. ის, რაც სხვებისთვის ორიგინალურობაა, ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი ამბავია.      
ამა თუ იმ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საუბარს რა დალევს - "იმსახურებდა ჩემპიონობას?". ეს უთქვამთ სხვა ნაკრებებზე, მაგრამ არასოდეს არაფერი ყოფილა სადავო, როცა ჩემპიონი ბრაზილია ხდებოდა. არც კლასი, არც იღბალი, არც მსაჯი, არც ამინდი, არც სხვა გუნდების სისუსტე - ბრაზილია მუდამ სპობდა კითხვის ნიშნებს.  
ამიტომაც არიან დიდები. ამ თაობას კი განსაკუთრებული საქმეების ჩადენა შეუძლია - დრო მთავარი ფაქტორია.

 

ილია ნანობაშვილი

ნეიმარის გარღვევა და ოსკარის გოლი: http://www.youtube.com/watch?v=LFiJJS15gWU


 

 

0.118077