დუშეთში ოლიმპიური მზადების ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. ახალი სპორტული კომპლექსი და ოლიმპიური სახლი მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი დუშეთს გუშინ ესტუმრა და ჯერაც მშენებარე და უკვე აშენებული სპორტული ობიექტები და სპორტსმენთა საცხოვრებელი ოლიმპიური სახლი მოინახულა. პრეზიდენტს მასპინძლობა სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ასანიძემ და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა გაუწიეს.
“ჯერ კიდევ 2 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დუშეთში ოლიმპიური მზადების ცენრტი დაგვეფუძნებინა. სპორტის განვითარებასთან ერთად ეს საქმე კიდევ იმითაა სასიკეთო, რომ დუშეთის მოსახლეობას დასაქმების საშუალება ეძლევა. თუ ამ ხალხს ფუნქცია არ გაუჩნდა, დუშეთის დაცლა გაგრძელდება. უკვე გაიხსნა სასტუმრო, აშენდა რამდენიმე სპორტული დარბაზი და მშენებლობა კიდევ გრძელდება. ოლიმპიური მზადების ცენტრში ნავარჯიშები ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დიდ წარმატებებს მიაღწევენ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქართული სპორტის შეფები კი სტუმრებს დაჰპირდნენ, რომ ცენტრს მალე ფეხბურთის და რაგბის მოედანიც შეემატება. ასევე გაიხსნება ძალოსანთა დარბაზი, ტირი, საცურაო აუზი და აშენდება დამატებითი სასტუმრო კომპლექსი უშუალოდ დარბაზების გვერდით.
ამჟამად დუშთში შეკრებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა, ტანმოვარჯიშეთა და ტაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრებებების წევრები გადიან. 15 მარტს მათ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები შეუერთდებიან, თვის ბოლოს კი დუშეთს ძიუდოისტებიც მიაშურებენ.
გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ იმ დარბაზს მივაშურეთ, სადაც თავისუფალი სტილის ნაკრები ვარჯიშობდა. “მსოფლიო სპორტის” შეკითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ უპასუხა:
- დუშეთის ბაზაზე პირველად შეიკრიბეთ. კმაყოფილი ხართ?
- აქაურობა ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე მოვინახულე და მაშინვე მომეწონა. თავადაც ნახეთ, სავარჯიშოდ მშვენიერი პირობები გვაქვს შექმნილი. სამომავლოდ, ბაზის გამრავალფეროვნებაა გეგმაში. სასტუმროც აქვე, დარბაზის გვერდით აშენდება და შესაბამისად, პირობებიც კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
- რამდენი სპორტსმენით ხართ დუშეთში ჩამოსული?
- სულ 38 კაცი ჩამოვედით, აქედან 33 მოჭიდავე. ამ კონკრეტულ ვარჯიშში ყველა არ იღებს მონაწილეობას, რადგან ერთი ნაწილი სასტუმროში დავტოვეთ, ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ. საერთოდ კი ასე ნაწილ-ნაწილ არ ვყოფთ ხოლმე. მხოლოდ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან პრეზიდენტი სასტუმროსაც ეწვია და იქაურ პირობებსაც გაეცნო.
- ევროპის ჩემპიონატამდე ერთი თვეღა რჩება. შემადგენლობა ხომ არ გამოიკვეთა?
- შვიდეულს დასკვნით შეკრებაზე დავასახელებ, რომელიც 28 მარტიდან 9 აპრილამდე გვაქვს გეგმაში. ახლავე გეტყვით, რომ აქცენტი ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნებზე გაკეთდება.
- მძიმე წონაში პირველ ნომერს აბსოლუტური ჩემპიონატი გამოავლენს?
- აუცილებლად. ევროპის ჩემპიონატზე აბსოლუტური ჩემპიონატის მომგებს დავაყენებთ.
- 2-წლიანი პაუზის შემდეგ ხალიჩას უბრუნდება დავით მოძმანაშვილი. როგორ ატყობთ, მზადაა შიდა კონკურენციაში გასალიდერებლად?
- მზადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად მზადაა. ერთი შეკრებაც არ გამოუტოვებია, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. ერთადერთი, რაც აკლია, სატურნირო გამოცდილებაა, მაგრამ იმედია ეს პრობლემა ხელს ვერ შეუშლის თავისი შესაძლებლობის სრულად გამოსავლენად.
- ნაკრების სხვაწევრების ამჟამინდელი ფორმით თუ ხართ კმაყოფილი?
- ნორმალურად არიან.
- ტრავმა ხომ არ აწუხებს რომელიმეს?
- ოთარ თუშიშვილს (66 კგ) კუნთი დაეჭიმა და ეს დღეებია ვარჯიშს ვერ ახერხებს. რა დრო გაუცდება, ამას ნაკრების ექიმი გვეტყვის. სავარაუდოდ თუშიშვილი მიმდინარე შეკრებაშივე ჩაერთვება სამზადისში.
თურმანიძესთან საუბრის დასრულების შემდეგ თუშიშვილის ტრავმის სიმძიმის დასაზუსტებლად ნაკრების მთავარ ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს მივმართეთ.
“ამ ეტაპზე კონკრეტული ზუსტი დასკვნის გაკეთება ძალიან ძნელია. სავარაუდოდ ამ შეკრებაზევე შეძლებს სრული დატვირთვით ავარჯიშებას. შეიძლება დარბაზში 2-3 დღეშიც კი შევიდეს” – უთხრა კახაბრიშვილმა “მსოფლიო სპორტს”.
დასასრულ, ერთი საინტერესო ინფორმაციაც. საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი წინასწარ დასახელებული თარიღის – 24 მარტის ნაცვლად 26-ში გაიმართება, მაგრამ წინასწარვე დასახელებული საგარეჯოს ვარიანტი ჯერ წერტილდასმული მაინც არაა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია საგარეჯოსა და ვაკის ფალავანთა კლუბს შორის საბოლოო არჩევანს მომავალ კვირაში გააკეთებს.
ოთარ მაღლაკელიძე
სპორტის დეპარტამენტის ვებ-გვერდის ფოტო