საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები უკრაინის ქალაქ კოლომეაში ჩატარებული ოლექსი დოვბუშის სახელობის საერთაშორისო ტურნირიდან 2-2 ოქრო-ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო, ქართული გუნდის წევრთაგან ჩემპიონები ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გახდნენ. სანდრო ამინაშვილი (84 კგ) და ომარ გუსოშვილი (96 კგ) ფინალში დამარცხდნენ. გიორგი მეშვილდიშვილი (96 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
დღეს, უკრაინული ტურნირი ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში შეჯამდა. ჟურნალისტებს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა შეხვდნენ.
“უკრაინულ ტურნირზე როგორც წესი, ძალიან ძლიერი შემადგენლობა გამოდის ხოლმე და ადრიანადვე დავიჭირე თადარიგი და ვთხოვე ფედერაციას, მასზე გამოვსულიყავით. სასიამოვნოა, რომ 5 მედლის მოპოვება შევძელით. მადლობა ბიჭებს, რომელთაც მართლა კარგად წარმოაჩინეს თავი. გუნდში თობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო ორ წელიწადში ბევრმა ისეთმა სპორტსმენმა გადააბიჯა ახალგაზრდულ ზღვარს, ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტები რომ იყვნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) უკვე ძირითადი ნაკრების წევრები არიან და უფროსებშიც წარმატებულად ჭიდაობენ. ჩვენ კი აქცენტი ახალ თაობაზე გადავიტანეთ და ვეცდებით, ნელ-ნელა ახალი ძლიერი ნაკრები ჩამოვაყალიბოთ. ამისთვის კი, ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გამოცდილებაა” – განაცხადა ნუგზარ სხირელმა.
ფედერაციის პრეზიდენტმა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დარბაზში მსხდომ ახალგაზრდა ჩემპიონ-პრიზიორებს უკრაინული შედეგიანობა მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.
ოთარ მაღლაკელიძე