ბათუმში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 84, 96 და 120 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენებმა დახურეს. პირველი დღისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველოს ვერც ერთმა მოქმედმა ჩემპიონმა ვერ მოახერხა ტიტულის შენარჩუნება, თუმცა, სამი ოქროსმედალოსნიდან ორი ხალიჩაზე არც გასულა. ლუკა კურტანიძემ (96 კგ) აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა, დავით ოთიაშვილმა (120 კგ) კი ბათუმური შეჯიბრი ტრავმის გამო გამოტოვა. რაც შეეხება შარშანდელი შიდა პირველობის ერთ-ერთ აღმოჩენას, აჭარელ ბექა ჭელიძეს (84 კგ), იგი ამჯერად საკუთარ კედლებში მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.
84 კილოგრამში მაყურებელმა კახური ფინალი იხილა. გურჯაანელმა არჩილ ქიტიაშვილმა ყვარელელ დავით ახალმოსულიშვილს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამ წონამ აშკარა ფავორიტი რევაზ მინდორაშვილი მოისაკლისა. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ტრავმირებულია და სასურველ ფორმაში ჩასადგომად დრო სჭირდება.
96-კილოგრამიანთა შიდა კონკურენცია ლოგიკურად დასრულდა – საქართველოს ნაკრების ტიტულოვანმა წევრმა გიორგი გოგშელიძემ ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბელდუხ გავაშელიშვილს მოუგო. მესამე ადგილზე კი ლევან სეთურიძე და ელიზბარ ოდიკაძე გავიდნენ.
ჩემპიონატის გვირგვინი მძიმეწონოსანთა ფინალი იყო - ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ევროპის ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა გიორგი საკანდელიძემ თავისზე გამოცდილ ალექსი მოდებაძეს აჯობა და უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.
თავისუფალი ჭიდაობა
ბათუმი
28 იანვარი
84 კგ
1 არჩილ ქიტიაშვილი (გურჯაანი)
2 დავით ახალმოსულიშვილი (ყვარელი)
3 ბექა ჭელიძე (აჭარა)
3 ირაკლი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
96 კგ
1 გიორგი გოგშელიძე (გორი)
2 ბელდუხ გავაშელიშვილი (თბილისი)
3 ლევან სეთურიძე (სტეფანწმინდა)
3 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
120 კგ
1 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
2 ალექსი მოდებაძე (თბილისი)
3 კობა კერესელიძე (ქუთაისი)
3 გიორგი კვირჭიშვილი (აფხაზეთი)
ოთარ მაღლაკელიძე