თავისუფალი სტილით ჭიდაობისგან განსხვავებით, ბერძნულ-რომაულში საქართველოს ჩემპიონატი ეროვნული ნაკრების გამოცდილი წევრების სრული კარნახით არ მიმდინარეობს. დღეს, სპორტკომპლექს “არენაში” 7 წონითი კატეგორიიდან ოთხში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და აქედან ორ წონაში ოქროს მედალს ახალგაზრდული ნაკრების წევრები დაეუფლნენ. ერთში კი ამავე ასაკობრივი გუნდის წარმომადგენელი ვერცხლს დასჯერდა.
ორ სტილს შორის სანახაობრივი კუთხითაც უდიდესი განსხვავებაა, ამ შემთხვევაში თავისუფალი ჭიდაობის სასარგებლოდ. დიდი თვალსასეიროობით ვერც ერთი დაიკვეხნის, მაგრამ ბერძნულ-რომაულში სიტუაცია გაცილებით მძიმედაა. ბოლო წლებთან შედარებით პროგრესი შეიძლება აქაც იგრძნობა, მაგრამ ძველ ლაღ ჭიდაობამდე რომ ძალიან ბევრი უკლია, დღის განმავლობაში სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენებისგან არაერთხელ მოვისმინეთ.
სანახაობრივი მხარე კიდევ უფრო გააუფერულა ლამის მუდმივმა კამათმა და მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტების სიხშირემ. სამი შეხვედრიდან მინიმუმ ერთში საქმე ვიდეოგანხილვამდე მიდიოდა და ეს პროცესი ისე იწელებოდა, საბოლოო ვერდიქტის მომლოდინე მოჭიდავეებს რამდენიმეჯერ გულშემატკივრებმა მაისურის გადაცმა ურჩიეს, არასაკმარისად გამთბარ დარბაზში გაციებისგან თავის ასარიდებლად. ერთხელ ისეთი შემთხვევაც დაფიქსირდა, როდესაც ერთდროულად სამივე ხალიჩაზე მიმდინარე შეხვედრა შეწყდა პროტესტის და ვიდეოგანხილვების გამო. შეიძლება ხშირად ლეიბის მსაჯები მართლებიც იყვნენ, მაგრამ გადაწყვეტილებებს უმეტესწილად ისე დაბნეულად და ნერვიულად იღებდნენ, მათ სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანსაც კი ეჭვი გაუჩნდებოდა. საბედნიეროდ, ფიზიკურ დაპირისპირებამდე და ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე ერთხელაც არ მისულა.
დღის მიმოხილვას ჩემპიონი ახალგაზრდებით დავიწყებთ. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 21 წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, გარდაბნელი რობერტ ქობლიაშვილი ავიდა. ეს ბიჭი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, მაგრამ შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მეტად დამაჯერებლად იჭიდავა. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ ეროვნული ნაკრების ყველა უმთავრეს კანდიდატს პირად შეხვედრაში აჯობა. ოქროს გზას შარშანდელი მესამეადგილოსნების რევაზ ნადარეიშვილისა და გიორგი ცირეკიძის ძლევით შეუყვა, თან ორივე აშკარა უპირატესობით ჩამოიშორა – ნადარეიშვილს 7:0-ით გასცდა, ხოლო ცირეკიძეს – 8:1-ით. გიორგი გოჩელაშვილი (7:0) და ნიკოლოზ კელასოვიც (8:0) ადვილად დაამარცხა. ფინალში კი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტ ვლადიმერ გეგეშიძეს დაძაბულ ბრძოლაში, მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე აღებული ერთადერთი ქულით მოუგო.
მძიმე წონაში ყველას ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, წყალტუბოელმა იაკობ ქაჯაიამ აჯობა. თან ისე გაჩემპიონდა, არც ერთი მეტოქისთვის არათუ პერიოდი, ქულაც კი არ დაუთმია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამარჯვება ფინალში მოიპოვა, გურამ ფერსელიძესთან – ნაკრების გამოცდილი წევრის ბეჭებზე გასაკრავად სულ რაღაც 43 წამი იკმარა. ამ შეხვედრამდე ქაჯაიამ შოთა გოგისვანიძე (4:0), ლევან არაბული (3:0) და სერგო გოგისვანიძე (4:0) ჩამოიცილა.
ახალგაზრდულ ნაკრებში ქობლიაშვილისა და ქაჯაიას თანაგუნდელ ნიკა ცეცხლაძეს (55 კგ) უფროსების შიდა კონკურენციაში უმაღლეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – აჭარის სახელით მოჭიდავე მსუბუქწონოსანი გიორგი ლომინაძის (8:0), აბესალომ ქათამაძისა (9:0) და ბექა ბალანჩივაძის (7:0) ადვილად ძლევის შემდეგ, ფინალში თანაგუნდელ გოდერძი დავითაძესთან ვეღარას გახდა (2:9) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. დავითაძემ გადამწყვეტ გამარჯვებამდე ირაკლი შავაძეს, კახა ირემაძეს და გიზო მელაძეს მოუგო.
66 კილოგრამი მოსალოდნელი ფინალით დაგვირგვინდა. საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი საჩინო დავითაია გადამწყვეტ ბრძოლამდე ლამის ერთი ამოსუნთქვით მივიდა, მაგრამ ტიტულის შენარჩუნებაში ხელი გამოცდილმა რევაზ ლაშხმა შეუშალა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბორჯომელმა პრიზიორმა (60 კილოგრამში) საკმაოდ სანახაობრივ დაპირისპირებაში იმარჯვა. პირველი პერიოდი 4:1 მოიგო. მეორე სამწუთეულში კი მანაც და დავითაიამაც 7-7 ქულა აიღეს.
შეჯიბრებაში რევაზ ლაშხი მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც უჩა შავაძეს სძლია. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი მარად აბულაძეს (5:0) და დავით ტაკაშვილს (8:0) გასცდა.
ხვალ ჩემპიონატში დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამში მოჭიდავეები ჩაერთვებიან. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი. 9 დეკემბერი
55 კგ
1 გოდერძი დავითაძე (აჭარა)
2 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
3 აბესალომ ქათამაძე (ზესტაფონი)
3 გიზო მელაძე (აჭარა)
66 კგ
1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)
2 საჩინო დავითაია (სენაკი)
3 მარად აბულაძე (აჭარა)
3 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)
84 კგ
1 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)
2 ვლადიმერ გეგეშიძე (აჭარა)
3 ვახტანგ ხალვაში (აჭარა)
3 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
120 კგ
1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2 გურამ ფერსელიძე (აჭარა)
3 ლევან არაბული (თბილისი)
3 ბექა კანდელაკი (თბილისი)