საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ვლადიმერ ადეიშვილმა და ნუგზარ სხირელმა ლატვიურ საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობები დაასახელეს. ფრეიდენფელსის სახელობის ტურნირს, 19-20 მარტს, რიგა უმასპინძლებს და ხალიჩაზე 22 ქართველი გავა.
ადეიშვილმა ლატვიაში წასაყვანად 12 შეგირდი გაამზადა, რომელთაგან 7 საქართველოს მოქმედი ჩემპიონია - ნიკოლოზ ცეცხლაძე (50 კგ), ამირან შავაძე (55 კგ), ქემალ ხარაბაძე (60 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ). 3 ვერცხლის პრიზიორი – ფირუზ წულუკიძე (60 კგ), გიორგი დავითაია (66 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ) ასევე, 2 ბრინჯაოსანი – უშანგი ქიტიაშვილი (74 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ). ნაკრების თავკაცმა 96 კილოგრამი წონითი კატეგორია ამჯერად თავისუფალი დატოვა, რადგან საქართველოს პირველობის გამარჯვებულმა ალექსანდრე დიხამინჯიამ, ახლახან ძირითად ნაკრებთან ერთად მოიარა საერთაშორისო ტურნირი.
ნუგზარ სხირელმა 10-კაციანი განაცხადი ჩამოწერა. ლევან როჭიკაშვილი (50 კგ), ლაშა ლომთაძე (55 კგ), თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), ბექა პეტრიაშვილი (74 კგ), ალექსანდრე ამინაშვილი (84 კგ), თედო ებანოიძე (96 კგ) და გიორგი ასლანიშვილი (120 კგ) სამი კვირის წინ, ბათუმში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან. დავით გალეგაშვილი (66 კგ) ფინალისტია, ხოლო ლაშა ტალახაძე (50 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი, ოღონდ ტალახაძემ მესამე ადგილი 55 კილოგრამში დაიკავა და მწვრთნელი ისევ ძველ წონაში უპირებს დაბრუნებას. შეგახსენებთ, შარშან ლაშა ტალახაძემ 50 კილოგრამში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
2011 წლის სეზონის ორი უმთავრესი ახალგაზრდული შეჯიბრება - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, წლეულს ზაფხულში, ტრადიციულად, ერთთვიანი დაშორებით გაიმართება. 21-26 ივნისს ევროპირველობას სერბული ზრენიანინი უმასპინძლებს, ხოლო 26-31 ივლისს – მსოფლიოს ჩემპიონატს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი. საევროპო ქართული განაცხადები საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით დაკომპლექტდება. უმთავრეს კანდიდატებს მწვრთნელები მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ ტურნირებსა და შეკრებებზე დააკვირდებიან და წონის ლიდერებს სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დაასახელებენ.
ოთარ მაღლაკელიძე