საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა ნუგზარ სხირელმა და ვლადიმერ ადეიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები დაასახელეს. ევროპირველობა 18-24 ივნისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.
თავისუფლები ხალიჩაზე შემდეგი გუნდით გავლენ: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე (55 კგ), ლევან ქელეხსაშვილი (60 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (76 კგ), სანდრო ამინაშვილი (84 კგ), ომარ გუსოშვილი (96 კგ), გენო პეტრიაშვილი (120 კგ). ბერძენ-რომაელთა განაცხადი კი ასე გამოიყურება: დავით სანიკიანი (50 კგ), რამაზ სურმანიძე (55 კგ), ფირუზ წულუკიძე (60 კგ), გიორგი დავითაია (66 კგ), ლაშა გობაძე (74 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ), იაკობ ქაჯაია (96 კგ) და ლევან არაბული (120 კგ.
ნაკრებების დამრიგებლებმა შიდა კონკურენციის ლიდერები ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებიდან, საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგებით გამოავლინეს. თითოოროლა გამონაკლისის გარდა, ევროსაგზურები საქართველოს ჩემპიონებმა მოიპოვეს.
19-20 ივნისს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს "თავისუფლები" გამოავლენენ. პირველ დღეს მედლები 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდება, მეორე დღეს კი დარჩენილ ოთხ წონაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ და ის ტურნირი ქართველების გარეშე ჩაივლის. წერტილს კი კლასიკოსები დასვამენ – 23 ივნისს 50, 60, 74 და 96, ხოლო 24 ივნისს – 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში.
ოთარ მაღლაკელიძე