ჭიდაობა

21:13 | 16.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდებმა ევროგანაცხადი შეავსეს

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ნუგზარ სხირელმა და ვლადიმერ ადეიშვილმა, 21-26 ივნისს, სერბეთის ქალაქ ზრენიანინში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობები დაასახელეს.
თავისუფალთა დამრიგებელმა შარშანდელ ევროპირველობაზე ნაჭიდავებ შემადგენლობაში მხოლოდ სამი ცვლილება განახორციელა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავით ხუციშვილი (74 კგ), თორნიკე ხიდეშელი (96 კგ) და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ახალგაზრდულ გუნდს ასაკის გამო ჩამოსცილდნენ. მათ ადგილებს საქართველოს ჩემპიონები, ბექა პეტრიაშვილი (74 კგ) და თედორე ებანოიძე (96 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (120 კგ) დაიკავებენ. მთავარი მოულოდნელობა ევროგანაცხადში 17 წლის გენო პეტრიაშვილის გამოჩენაა, თუმცა, როგორც ჩანს, სხირელი უფრო შორს იყურება და რადგან მძიმე წონაში უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ კადრს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თავის გამოჩენის და გამოცდილების მიღების შანსს პერსპექტიულ ჭაბუკს აძლევს. ჩამოთვლილი სამი მოჭიდავის გარდა, თავისუფალთა ახალგაზრდული ნაკების სახელით ხალიჩაზე ლაშა ტალახაძე (50 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), თენგიზ ჩოჩიშვილი (66 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) გავლენ. ამათგან ტლაშაძეს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი შარშან ჰქონდა და სამეულს მიღმა დარჩა. ყველასთვის მოულოდნელად, კვარცხლბეკზე ვერც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მარსაგიშვილი ავიდა. დანარჩენმა სამმა სპორტსმენმა კი ევროპისა და მსოფლიოს პირველობები მედლებით მოიარა. ტალახაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა, მსოფლიოზე – ფინალში დამარცხდა, ჩოჩიშვილმა ევროპაზე ირგუნა ვერცხლი, ხოლო მსოფლიოზე – ბრინჯაო. ხინჩეგაშვილს ევროპის ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, მსოფლიოს ჩემპიონატი კი წაუგებლად ჩაამთავრა.
კლასიკოსთა თავკაცი ვლადიმერ ადეიშვილი სერბეთში შარშანდელი ევროშემადგენლობიდან მხოლოდ საჩინო დავითაიას (66 კგ) ჩაიყვანს. მის გარდა, განაცხადში მყოფთაგან ახალგაზრდულ ნაკრებში დიდი ტურნირების გამოცდილება გოგა გოგიბერაშვილსა (60 კგ) და სერგო გოგისვანიძესაც (120 კგ) აქვთ, რომლებიც ადეიშვილმა შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზე აჭიდავა. ნიკოლოზ ცეცხლაძე (50 კგ), თორნიკე ტოტიკაშვილი (55 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), დავით ჩაკვეტაძე (84 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) კი ამ რანგის ახალგაზრდულ შეჯიბრებაზე ძალას პირველად მოსინჯავენ.

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.116572