გასულ უქმეებზე, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარებულ ფრეინდელფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები წარმატებულად გამოვიდნენ. ეს ტრადიციული შეჯიბრი, აქამდე მხოლოდ თავისუფალ ჭიდაობაში ტარდებოდა ხოლმე. წლეულს კი პროგრამას კლასიკურიც შეემატა.
ქართულმა გუნდებმა 16 მედალი მოიპოვეს. აქედან 10 ბერძენ-რომაელთა ანგარიშზეა. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან, ქემალ ხარაბაძე (60 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), უშანგი ჩიტიაშვილი (74 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) ჩემპიონები გახდნენ, სერგო გოგისვანიძე (120 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ფირუზ წულუკიძემ (60 კგ), გიორგი დავითაიამ (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ), რობერტ ქობლიაშვილმა (84 კგ) და შოთა გოგისვანიძემ (120 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს. უხვმედლიანობის მიუხედავად, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, რაც მნიშვნელოვანწილად იმან განაპირობა, რომ რვა წონითი კატეგორიიდან სამში: 50, 55 და 96 კილოგრამებში, ქართულ გუნდს მონაწილე არ ჰყავდა. მსუბუქწონოსნები ავსტრიაში გადიან შეკრებას და წინასწარი გეგმით, ნაკრებს ტურნირის დაწყებისას რიგაში უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ სავიზო პრობლემები შეექმნათ. 96 კილოგრამის ლიდერი ალექსანდრე დიხამინჯია კი, მთავარ ნაკრებთან ერთად, დუშეთში გადის მოსამზადებელ შეკრებას.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელსაც სათავეში ნუგზარ სხირელი უდგას, 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდური ჩემპიონობა იზეიმა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ტალახაძე (50 კგ) და თედო ებანოიძე (96 კგ) ავიდნენ. ლაშა ლომთაძეს (55 კგ), თენგიზ ჩოჩიშვილსა (60 კგ) და გიორგი ასლანიშვილს (120 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. დავით გალეგაშვილი (66 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
2011 წლის სეზონის ორ უმთავრეს ტურნირზე – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წასაყვან შემადგენლობებს მწვრთნელები სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დაასახელებენ, იქამდე კი, ახალგაზრდული ნაკრებები კიდევ თითო საერთაშორისო ტურნირზე გამოვლენ და რამდენიმე მოსამზადებელ შეკრებასაც გაივლიან.
ევროპირველობას 21-26 ივნისს, სერბული ზრენიანინი უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 26-31 ივლისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე