საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, 27-28 მაისს, გერმანიის ქალაქ პლაუენში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე, სამეულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
ნუგზარ სხირელის გუნდი, ქვეჯგუფში ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ამერიკელების 6:2 ძლევის შემდეგ, ქართველმა ახალგაზრდებმა აზერბაიჯანელებთან 1:7 წააგეს და ფინალში გასვლის თეორიული შანსიღა დარჩათ. იაპონელებთან იოლად მოგებამ (8:0) საქმეს ვერ უშველა - სხირელის შეგირდებმა ქვეჯგუფი მეორე ადგილით დაასრულეს და საბოლოო, მესამე ადგილის მოსაპოვებლად სხვა ქვეჯგუფის მეორეადგილოსანს, ირანს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაშიც დიდი ანგარიში – 7:1 დაფიქსირდა, ოღონდ საქართველოს მეტოქის სასარგებლოდ.
ფინალი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ფრედ, 4:4 დასრულდა, შეხვედრათა ქულების გადათვლის შემდეგ კი, ჩემპიონად რუსეთი გამოცხადდა.
ახალგაზრდა მოჭიდავეებს უახლოეს ორ თვეში სეზონის ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელით. 21-26 ივნისს, სერბეთის ქალაქი ზრენიანინი ევროპირველობას უმასპინძლებს. 26-31 ივლისს კი, ბუქარესტში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე