ჭიდაობა

20:40 | 1.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეები რუმინეთიდან ბარგის გარეშე დაბრუნდნენ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში ბუქარესტი-სტამბოლი-თბილისის ავიარეისით რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ნუგზარ სხირელის გუნდს აეროპორტში მეგობრების, ოჯახის წევრებისა და მასმედიის წარმომადგენელთა გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავაც დახვდა.
შეგახსენებთ, 30-31 ივლისს ბუქარესტში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ნუგზარ სხირელის გაწვრთნილმა გუნდმა 5 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მამუკა კორძაია (96 კგ) და თედორე ებანოიძე (120 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო დავით გალეგაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნაკრების წევრები აეროპორტის ფოიეში თვითმფრინავის დაფრენიდან ლამის სამი საათის შემდეგ გამოვიდნენ. დაგვიანების მიზეზი ბარგის დაკარგვა აღმოჩნდა. იქვე გაირკვა, რომ ჩანთები თურქეთში დარჩა და თბილისში მათ რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩამოიტანენ. ვიდრე ჟურნალისტებამდე მოჭიდავეები მოაღწევდნენ, “მსოფლიო სპორტისთვის” კომენტარი გია გალდავამ გააკეთა.
“რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა იყოჩაღეს. ამჯერად, თავიანთი ძალა მსოფლიოს ამავე ასაკობრივი ჯგუფის თავისუფალი სტილის მიმდევრებმა დაუმტკიცეს. დღეს საქართველოში ჭიდაობისთვის ძალიან ბევრი კეთდება და შედეგიც სახეზეა. ძლიერი თაობა მოდის. ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი კი უკვე ეროვნული ნაკრების წევრები არიან და სულ რაღაც თვენახევარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ”, – გვითხრა გალდავამ.
აქვე მსოფლიოს ჩემპიონების მოკლე კომენტარებიც:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი:
“ასაკობრივ ჩემპიონატზე ბოლოჯერ ვჭიდაობდი და ეს მომენტი დამატებითი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. მიხარია, რომ ახალგაზრდებს შორის ჩატარებული დასკვნითი სეზონი ასეთი წარმატებული გამოდგა. ბუქარესტში ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ ამ შეჯიბრებისთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და ეს უშუალოდ ჭიდაობისასაც გამოჩნდა”.
დავით მარსაგიშვილი:
“ახალგაზრდებს შორის გამოსვლა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლებით დავასრულე და რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. შემოდგომაზე უკვე უფროსებში მომიწევს მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა და რუმინული გამარჯვება ჩემთვის მშვენიერი სტიმულია. გუნდურ ჩათვლაშიც შეგვეძლო ჩემპიონობა, მაგრამ იღბალმა დაგვაღალატა. ეს გამარჯვება ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დიდი სტიმულია”.

 

ოთარ მაღლაკელიძე
გიორგი ჭანიშვილის ფოტო
 

0.120195