საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ადეიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა გამოაცხადა. 3-4 ივლისს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში ჩასატარებელი ევროპირველობისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება, ქართულმა გუნდმა გუშინ დაიწყო. ადეიშვილმა გაფართოვებული შემადგენლობა დუშეთის სპორტკომპლექსში შეკრიბა. სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს შეჯიბრზე კი, 8 რჩეულთან ერთად, ორიოდ კვირაში გაემგზავრება
- ტრადიციულად, სანაკრებო შიდა კონკურენცია საქართველოს ჩემპიონატით იწყება და გუნდი, ძირითადად, ჩემპიონებით კომპლექტდება. თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, ახლაც ასე მოხდა. ვფიქრობ, ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრა. 50 კილოგრამში თორნიკე მახარაძე იჭიდავებს, 55-ში – მინდია წულუკიძე, 60-ში – ქემალ ხარაბაძე, 66-ში – საჩინო დავითაია, 74-ში – უჩა ჩიტიაშვილი, 84-ში – არსენ კახაბრიშვილი, 96-ში – ვასილ იმერლიშვილი, ხოლო მძიმე წონაში – შოთა გოგისვანიძე.
- შარშანდელი ევროშემადგენლობა სანახევროდ შეიცვალა. ახალი სახეებისგან წარმატებულ დებიუტს ელით?
- დებიუტანტები მახარაძე, დავითაია და ჩიტიაშვილი არიან. სამივეს შეუძლია მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა, თუ გამოუცდელობამ ხელი არ შეუშალათ. იმერლიშვილი ნაკრების შემადგენლობას 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თუ გავითვალისწინებთ, რა კარგად იჭიდავა კარტოზიას სახელობის ტურნირზე, მომავალ ჩემპიონატზეც მედლისთვის უნდა იჭიდაოს. დანარჩენი 4 სპორტსმენი შარშანდელ გუნდშიც ირიცხებოდა, თუმცა, წულუკიძე და ხარაბაძე თითო წონითი კატეგორიით დაბლა გამოდიოდნენ. პირველი ჩემპიონი გახდა, ხოლო მეორე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
- თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა, თბილისის “ოქროს გრანპრიზე” მხოლოდ რამდენიმე შეგირდი აჭიდავა, თქვენ კი, ყველას დართეთ ხალიჩაზე გასვლის ნება...
- პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ბიჭებს სატურნირო გამოცდილება აკლდათ. ბოლო თვეებში, ნაკრების კანდიდატები მხოლოდ ანკარას საერთაშორისო ტურნირზე გამოვცადე. წინასწარ გეგმაში კიდევ რამდენიმე შეჯიბრი გვქონდა შეტანილი, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალა. ერთი ტურნირით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ამიტომ გეგმა შევცვალე და გუნდი სპორტის სასახლის ხალიჩაზეც გავიყვანე.
- თუ საიდუმლო არაა, რამდენ მედალს გეგმავთ?
- პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს და არც მიმართლებს. მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ. დანარჩენი კი, უშუალოდ ჩემპიონატზე გამოჩნდება.
- შარშან, უკეთ დაკომპლექტებული გუნდი გყავდათ?
- ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ მაშინდელი შემადგენლობა სჯობდა, მაგრამ ეგებ, პირიქითაც იყოს. ბულგარეთში წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იღბალზეც იქნება დამოკიდებული. კარგი კენჭისყრის შემთხვევაში, შარშანდელზე უკეთესი შედეგისთვისაც შევძლებთ ბრძოლას.
ოთარ მაღლაკელიძე