საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლევონ ჯულფალაკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა.
მეორე-მესამე ნომრებით დაკომპლექტებული გუნდი ერევანში მწვრთნელმა ვილიამინ ხარაზოვმა ჩაიყვანა. ქართველები ხალიჩაზე გაფართოებული შემადგენლობით კი გავიდნენ, მაგრამ მხოლოდ ხუთ წონაში გადანაწილდნენ: 55, 60, 66, 84 და 96 კილოგრამებში. დარჩენილ სამ წონაში – 50, 74 და 120 კილოგრამებში საქართველოს ნაკრებს არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდა.
ყველაზე შედეგიანად გოგიტა გოგიბერაშვილმა (60 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (96 კგ) იჭიდავეს. ტურნირი ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა და ოქროს მედლებიც მოიპოვეს. 96 კილოგრამში სულაც ქართული ფინალი შედგა. კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ირაკლი ქაჯაია ავიდა. ამირან შავაძემაც (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფირუზ წულუკიძე, დავით თურქიშვილი (ორივე 60 კგ), როინ ძირკვაძე (66 კგ) და ილია კანდელაკი (84 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე