ჭიდაობა

20:14 | 28.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა კლასიკოსები საქართველოში დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები დღეს საღამოს ბუქარესტიდან თბილისში დაბრუნდა. ვლადიმერ ადეიშვილის გუნდმა რუმინეთის დედაქალაქში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ქემალ ხარაბაძე (60 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რვავე წონითი კატეგორიის დაჯამებული ქულებით გვარიანი უპირატესობით მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი.
ქართველ ფალავნებს აეროპორტში სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.
"ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იჭიდავა. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე 5 მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ გუნდმა რუსეთის და აზერბაიჯანის ძლიერი ნაკრებები მოიტოვა უკან. მწვრთნელებისა და მოჭიდავეების მუხლჩაუხრელმა მუშაობამ და საქმისადმი სწორმა მიდგომამ შედეგი გამოიღო. ერთხელაც გამოჩნდა, რომ პერსპექტიული თაობა მოდის. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები მალე ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდებიან. არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანი ოლიმპიურ შემადგენლობაშიც რომ მოხვდეს" – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გია გალდავამ. შემდეგ კი მოკლე კომენტარები მთავარ მწვრთნელს და მძიმეწონოსან მსოფლიოს ჩემპიონსაც ვთხოვეთ.
ვლადიმერ ადეიშვილი: "მიხარია, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყავდა და რუმინეთში ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. მადლობა ბიჭებს ამ შემართებისთვის".
შოთა გოგისვანიძე: “მედლისთვის ბრძოლა რომ რეალურად შემეძლო, პირველივე შეხვედრის მოგებით ვირწმუნე, რადგან ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა. საერთოდ, რთული კენჭისყრა შემხვდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად ჩამთავრდა. უზომოდ ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს მწვრთნელებს და ყველას, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის".
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო


 

0.115217