საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. გია გუგავას გუნდი ბუქარესტში გამართულ ევროპირველობაზე ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და თავისი ძალა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
შეჯიბრებაში სულ 13 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველო პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო, საფრანგეთთან შეხვედრით.
გუგავამ ხუთეული ასე დააკომპლექტა: გელა კელიხაშვილი (66 კგ), კობა მჭედლიშვილი (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი (+90 კგ). კელიხაშვილს და მჭედლიშვილს მოსაგებად თითო იუკო ეყოთ. მარგიანმა, ღვინიაშვილმა და თუშიშვილმა კი იპონებით მოამთავრეს საქმე და საქართველომ 5:0 გაიმარჯვა.
ნახევარფინალში ქართველ ძიუდოისტებს მეტოქედ რუსეთი ერგოთ და საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდათ - კელიხაშვილისა და მარგიანის წაგებების შემდეგ გუგავას გუნდი საერთო ანგარიშში ორჯერ ჩამორჩა. წონასწორობა ჯერ მჭედლიშვილმა აღადგინა, ხოლო შემდეგ ღვინიაშვილმა. ფინალის საგზურის მომტანი ქულა კი თუშიშვილმა აიღო, მძიმე წონის ინდივიდუალური პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ ტამერლან ბაშაევის შებოჭვით.
ფინალში კი ქართულმა ხუთეულმა უკრაინას 3:2 აჯობა და გადამწყვეტი კვლავ მეხუთე შეხვედრა გამოდგა, სადაც გურამ თუშიშვილმა მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა, ევროპის მოქმედ ჩემპიონ იაკივ ხამოსთან. თავიანთი ორთაბრძოლები გელა კელიხაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმაც მოიგეს, ხოლო კობა მჭედლიშვილი და ლევან გუგავა (81 კგ) დამარცხდნენ.
რეპეშაჟის ფინალში ორივე შეხვედრა 3:2 დასრულდა. საფრანგეთმა ავსტრიას სძლია, გერმანიამ - რუსეთს.
დღესვე ევროპის გუნდურ პირველობაში გოგონებიც ჩაერთნენ. ჩემპიონი ხორვატია გახდა, ფინალში საფრანგეთის ძლევით (3:2). პოდიუმის მესამე საფეხურზე კი რუსები და იტალიელები ავიდნენ.
შეგახსენებთ, ბუქარესტში გუნდურ ჩემპიონატამდე ინდივიდუალური პირველობაც გაიმართა და საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 38 ქვეყნის ნაკრებს შორის ყველაზე მეტი ქულა დააგროვა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, თორნიკე ნაგლიაშვილს (55 კგ), ივანე ჯავახიშვილსა (60 კგ) და უშანგი მარგიანს (81 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდათ, ლევან გუგავამ (73 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდებს შორის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება – მსოფლიოს ჩემპიონატი 22-26 ოქტომბერს, მაიამიში გაიმართება.
ვასილ მშვილდაძე