სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან, ახალი 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ, ყველაზე მეტად “ქუთაისი-2010” აქტიურობს. ქვეყნის ვიცეჩემპიონმა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ანატოლი ბოისა დაიმატა, ხოლო ძველი შემადგენლობიდან რამდენიმეს კონტრაქტი უკვე გაუგრძელა. მათ რიცხვს კიდევ ერთი კალათბურთელი, მძიმე ფორვარდი ავთანდილ ლომინაშვილი შეემატა, რომელმაც ახალი კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე გააგრძელა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელის მალხაზ კოხრეიძის თანაშემწემ მედეა მხეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ლომინაშვილი ერთ-ერთი იმ კალათბურთელთაგანია, რომელიც “ქუთაისი-2010”-ში შექმნის დღიდან (2010 წლიდან) თამაშობს.