რაგბი

15:45 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ავჭალაზე” ანშლაგი იქნება

სირცხვილიცაა, ქართველმა ქომაგმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იმდენად არ დააფასოს, რომ 2 ათასიანი სტადიონი ვერ გაივსოს. ის სხვა თემაა, უნდა თამაშობდეს თუ არა ქვეყნის უპირველესი, ყველაზე წარმატებული გუნდი ასეთი მცირე ტევადობის სტადიონზე, მაგრამ რეალობა ასეთია და აღარაფერი ეშველება.

გუშინდელი ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირში, სადაც 1 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს დაიწყო, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და შაბათს სტადიონი პირთამდე სავსე იქნება. თავად მორაგბეები ამბობენ, რომ ურჩევნიათ 2 ათასიანი სტადიონი პირთამდე იყოს სავსე, ვიდრე უფრო დიდი ტევაბის არენაზე თუნდაც ორჯერ მეტი ადამიანი კანტიკუნტად იჯდეს, რადგან სავსე ტრიბუნა სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის და ამჯერად მათი სურვილი 100 პროცენტით ახდება.

დანარჩენი თავად “ბორჯღალოსნებზეა”. “ერთა თასზე” შარშან დაწინაურებულმა ბელგიელებმა დაამტკიცეს, რომ ამ დონეზე თამაშის ღირსნი არიან და ბრიუსელში საქართველოს ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. მართალია საბოლოოდ მილტონ ჰეიგის შეგირებმა 17:14 იმარჯვეს, მაგრამ ეს ის შედეგი არ იყო რასაც თავად, ან გულშემატკივრები ელოდნენ და მომავალი დაპირისპირებისთვის სრული მობილიზაციით ემზადებიან. ერიდებიან ისეთი პროგნოზების გაკეთებასაც, რომ აუცილებლად დიდი სხვაობით მოიგებენ.

მოკლედ, ღია ვარჯიშზე და მის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებშიც გამოჩნდა, რომ “ბორჯღალოსნები” იოლ გასეირნებას არ ელიან და ეს ძალიან კარგია. 2014 წლის ერთა თასი, ამავდროულად 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეცაა და აქ ყოველ ქულას, ოთხი ლელოს გატანას და პრემიის მითვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მამუკა გორგოძის გამოკლების შემდეგ გუნდს გივი ბერიშვილი ხომ დაემატა და გაფართოებულ შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს გარემარბი ლევან გოგოლაშვილიც, რომელსაც აქამდე ნაკრების კვართი არასდროს მოურგია.

რაც მთავარია, ეს 29 მორაგბე სრულ მზადყოფნაშია, იმედია, თებერვლის პირველ რიცხვამდე ამ კუთხით არც არაფერი შეიცვლება და ქართველი გულშემაკივარიც სუსხიან დღეს გულებს მეტოქის ხარისხიანი ძლევით გაითბობს.

მილტონ ჰეიგი: “წვიმა, ან თოვლი თუ იქნება და მოედანი დარბილდა, ვეცდებით, რომ ფეხით რაც შეიძლება ხშირად ვითამაშოთ და მეტოქის ნახევარზე ასე დავმკვიდრდეთ. ჩვენი მიზანია, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს ვაკონტროლოთ, მაგრამ ამ კუთხით სრულად ამინდზე ვიქნებით დამოკიდებული. შარშან მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად ითამაშა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და მეტოქეს მომზადებულები ვხდებით”.

ჯაბა ბრეგვაძე: “სრული მობილიზებით ვემზადები, ისევე, როგორც ყველა თამაშისთვის. მეტოქის გათვალისწინებით ვამუშავებთ შესაბამის კომბინაციებს. უკვე დავიწყებულია სამოასთან გამარჯვება და სრული კონცენტრაცია ბელგიაზე კეთდება. არავის ეგონოს, რომ მოწინააღმდეგე სუსტი გუნდია. ისინი ამბობენ, რომ თბილისში მოსაგებად მოდიან. მიუხედაბად იმისა, რომ ბელგიელები “ერთა თასზე” ახალი გადმოსულები არიან, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ბრძოლა შეუძლიათ და ეს დასაფასებელია.

ვიცით, რომ შაბათს არცთუ კარგი ამინდი იქნება და ეს თამაშს კიდევ უფრო გაართულებს. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და რომელი მათგანი მოგვიტანს შედეგს, ეს უკვე თამაშში გამოჩნდება. ტრავმის გამო დიდი პერიოდი გამოცდა, მაგრამ უკვე ორი თვეა რაც ვვარჯიშობ, კლუბის მაისურით მართალია მცირე ხნით, მაგრამ სამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ. თუ მწვრთნელები ნდობას გამომიცხადებენ, ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას მოვახერხებ”.

გიორგი ჩხაიძე: “ვფიქრობ, შაბათს ბელგიის სახით სერიოზული კონკურენტი გვეყოლება. შარშან ისინი პირველად თამაშობდნენ ამ დონეზე, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. არაფერი დაგვითმეს და მიმაჩნია, რომ ოთხქულიანი მარცხი ბელგიელებისთვის კარგი შედეგი იყო. მთავარია, რომ მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და ზუსტად შევასრულოთ ის მითითებები, რასაც მწვრთნელები გვაძლევენ. ამინდზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ იწვიმა და მოედანი ატალახდა, მაშინ შერკინებით ვეცდებით წარმატების მიღწევას, ხოლო თუ კარგი ამინდი დაგვემთხვევა, ბურთის გაშლას ვეცდებით.

შარშან გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა და შეუთამაშებლობამ და არაორგანიზებულობამ იჩინა თავი. თითქოს, სათამაშო განწყობა არ გვაკლდა, მაგრამ მეტოქე ისე დაგვხვდა... ფაქტობრივად, არაფერი დაგვითმეს. მათმა მწვრთნელმა ჩვენი უმცირესი ნიუანსებიც კი იცოდა და სწორედ იქ გვიშლიდა თამაშს. ბელგიას საკვანძო პოზიციებზე ორი-სამი ძლიერი მოთამაშეც ყავს. ამრიგად, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ შაბათს ბელგიას აუცილებლად დიდი ანგარიშით დავამარცხებთ და ყველაფერი უშუალოდ მოედანზე გადაწყდება”.

ვიტო კოლელიშვილი: “შარშანდელი შედეგი ალბათ უფრო იმის ბრალი იყო, რომ მოწინააღმდეგე ისე არ დავაფასეთ, როგორც უნდა დაგვეფასებინა. ამან ჩვენს რიგებში გარკვეული არეულობა გამოიწვია. შარშანდელი შემთხვევა სამაგალითოა და წელს მათ ისე უნდა დავხვდეთ, როგორც გვეკადრება. თამაში თბილისში ტარდება, ის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისაცაა და ეს ეტაპი ისე უნდა დავიწყოთ, რომ მსოფლიოზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს”.

შალვა მამუკაშვილი: “ხშირ შემთხვევაში, სეზონის პირველ მატჩში წარმატების მიღწევა გვიჭირს ხოლმე და ეს შარშან ბრიუსელში გამართულმა მატჩმაც გვანახა. ნოემბრის ტესტების შემდეგ, მსგავსი რამ აღარ გვეკადრება და ისე უნდა ვითამაშოთ, რომ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა ვიდგეთ”.

დავით კაჭარავა: “მზად ვართ 2014 წლის “ერთა თასის” დასაწყებად, რომელიც ამავდროულად 2015 წლის შესარჩევი ციკლის ბოლო ეტაპია. ვფიქრობ, ყველა მეტოქესთან დაძაბული ბრძოლა გვექნება. ალბათ, გულშემატკივარს ახსოვს ბელგიელებთან გამართული შარშანდელი, მძიმე მატჩი. ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს და ვეცდებით, ნელ-ნელა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და “ერთა თასის” მიწურულს საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. ვფიქრობ, ბელგიასთან დიდი რაოდენობით გულშემატკივარი მაინც არ მოვიდოდა და დიდ სტადიონზე თამაშს ალბათ, ჯობია, რომ შედარებით მცირე ტევადობის ტრიბუნა ბოლომდე გაივსოს და შესაბამისი ატმოსფერო შეიქმნას”.   

 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“ყოჩები”, თბილისი).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. პირველი ტური

1 თებერვალი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი

საქართველო - ბელგია

რუმინეთი - პორტუგალია

ესპანეთი - რუსეთი

 

1            საქართველო            5        4         1        0         135-61             19
2 რუმინეთი 5 4 1 0 114-65 19
3 რუსეთი 5 3 0 2 110-116 14
4 პორტუგალია 5 1 1 3 75-96 7
5 ბელგია 5 0 1 4 92-131 5
6 ესპანეთი 5 0 2 3 72-129 5
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116688