საჩხერის “ჩიხურას” მთავარ მწვრთნელს სოსო ფრუიძესა და მეკარე მაქსიმე ქვილითაიას, "ბურსასფორთან" პენალტების სერიაში მოგებული მატჩის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ.
სოსო ფრუიძე: “პირველ ყოვლისა, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ სტადიონზე და მათ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონიეს. რაც შეეხება თამაშს, პირველი მატჩი ორთაბრძოლებზე გვქონდა გათვლილი და მისგან დასკვნები გამოვიტანეთ. მთავარი იყო, რომ მეორე მატჩში გოლი არ გაგვეშვა და პენალტების სერიამდე მივსულიყავით. ორივე მატჩში ტაქტიკა გათვლილი იყო მეტოქის სიძლიერეზე.
“ბურსას” შეტევითი პოტენციალი ძალიან ძლიერი ჰქონდა და ჩვენი მიზანი იყო მეტოქისთვის თავისი პლუსების გამოყენების საშუალება არ მიგვეცა”.
მაქსიმე ქვილითაია: “მადლობა მაყურებელს, ვინც 120 წუთი გვედგა გვერდით. ეს იყო “დიდგორის ბრძოლა ძლევაი საკვირველი”. დიდება უფალს რომ ასე მოხდა. დღეს საჩხერის “ჩიხურას” და საქართველოს ისტორია დაიწერა”.
ფრუიძეს მუმლაძის საქციელზეც ჰკითხეს და მან უპასუხა, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიერაში პირველ საერთაშორის მატჩს ატარებდა, შედეგად არაკორექტული საქციელი გამოუცდელობით ჩაიდინა.
პრესკონფერენციის შემდეგ, თურქი ჟურნალისტები საკმაოდ გამომწვევად და უზრდელად იქცეოდნენ. მანამდე, ისინი იმით იყვნენ უკმაყოფილო, რომ ფრუიძის სიტყვები თურქულად არ უთარგმნეს. არადა, ინგლისურად ნამდვილად უთარგმნეს. სტუმარი მასმედიის წარმომადგენლების გამოისობით, საქმე ქართველსა და თურქ ჟურნალისტებს შორის სერიოზულ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა და მხარეების დასაშოშმინებლად სტადიონის დაცვის გარდა, პოლიციაც ჩაერია. შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში არჩილ არველაძე შემოვიდა, რომელიც თურქულად უხსნიდა თურქებს რაღაცას.