ცნობილი კინოპროდუსერი და მენეჯერი აურელიო დე ლაურენტისი 1949 წელს რომში დაიბადა. მან წარმატებით განაგრძო საოჯახო ბიზნესი. მისი მამა ლუიჯი და ბიძა დინო ხომ თავის დროზე წარმატებული კინომენეჯერები იყვნენ. 2005 წელს კი სინიორ აურელიომ მისთვის უცნობ სფეროშიც სცადა ჩაბმა და ნეაპოლის საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” პრეზიდენტი გახდა. იმხანად სანპაოლოელებს მეტად რთული პერიოდი ედგათ. გუნდი სერია C-ში გამოდიოდა, კლუბის ხაზინას რაც შეეხება, იგი არა მარტო ცარიელი იყო, “ნაპოლი” ვალებში იხრჩობოდა. დე ლაურენტისმა საქმეს ხელი ენერგიულად მოჰკიდა. აღმასვლა ჯერ სერია B-ში გადასვლით დაიწყო, 2007 წლის 10 ივნისს კი ნეაპოლელთა საყვარელი საფეხბურთო გუნდი აპენინელთა უძლიერეს საფეხბურთო ლიგას დაუბრუნდა. მას შემდეგ მოყოლებული “ნაპოლი” იტალიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა, სერია A-ს პრიზიორიც გახდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდეც გააღწია, მიმდინარე სეზონში კი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსს” უწევს კონკურენციას.
- სინიორ პრეზიდენტო, როდესაც სიტყვა “სკუდეტო” გესმით, რა გრძნობა გეუფლებათ?
- “ნაპოლის” სათავეში შემდეგი პროექტით მოვედი – პირველ 5 წელი კლუბის მშვენებლობას უნდა დათმობოდა, მომდევნო 5 სეზონი კი ტიტულების მოხვეჭას. ვფიქრობ, გრაფიკს წინსწრებით და გადაჭარბებითაც კი ვასრულებთ. 2005 წლამდე ფეხბურთის პრაქტიკულად არაფერი მესმოდა, ამიტომ ჩემი საქმიანობაც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. როდესაც “ნაპოლის” პრეზიდენტი გავხდი, კლუბს ფინანსურადაც უჭირდა და ევროთასებსაც უდიდესი დისტანციით ვიყავით დაშორებულები. ამჟამად სრულიად საპირისპირო ვითარებაა.
- “ნაპოლის” საკუთარ ფილმებს თუ ადარებთ?
- “ნაპოლი” ეს თავადაა ფილმი წარმატებაზე. არინ კინოსურათები, რომლებსაც ამერიკელები აფინანსებენ, მაგრამ ერთ ცენტ მოგებასაც ვერ ტოვებენ. ისინი ფინანსებს იმ ფილმებს ართმევენ, რომელზეც მაყურებელთა მოთხოვნაა. ფეხბურთში ზუსტად ამგვარად არსებობენ კლუბები, რომლებიც საბაზრო პირობებში ნორმალურად მუშაობას მიჩვეულნი არ არიან. ეს საფეხბურთო სისტემაში დისბალანსს ქმნის.
- ევროპის ლიგის გაუქმებას ითხოვთ და ამტკიცებთ, რომ ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის შემოსავალი გასამმაგდება. თქვენი აზრით რატომ ვერ ხვდება ამას უეფა?
- დააკვირდით ევროპის ლიგისა და ეროვნული ჩემპიონატების დასწრებას. ევროპის ლიგის შეხვედრებისას ტრიბუნები სანახევროდ ცარიელია. საქმე მარტო ის არაა, ჩვენი სტადიონები თანამედროვე მოთხოვნებს ნაკლებად რომ აკმაყოფილებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც “სან პაოლოა”. ჩვენ არენას ძირეული რეკონსტრუქცია სჭირდება. ამის მიუხედავად, დასწრების მხრივ “ნაპოლი” წინა სეზონში იტალიაში მეორე ადგილზე გავიდა. ევროპის ლიგას კი ტელეაუდიტორიაც არ სწყალობს. ტრანსლაციებიდან უეფამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან მილიარდ 300 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ევროპის ლიგიდან სულ რაღაც 210 მილიონი. ამიტომაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაყურებელს ევროპის ლიგა არ აინტერესებს. ვერ ვხედავ ამ ტურნირის სამომავლოდ გაგრძელების აუცილებლობას. უმჯობესი იქნება ჩემპიონთა ლიგა 64 მონაწილემდე გავზარდოთ. კარგი იქნება, თუ ამ შეჯიბრებაში იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ინგლისი 6 კლუბით წარსდგებიან.
- კიდევ რას ურჩევდით მიშელ პლატინის?
- უეფას პრეზიდენტი რომ ვიყო, პირველ რიგში ეროვნულ ფედერაციებს მივმართავდი, რათა მათ საკუთარი ქვეყნების ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე შეემცირებინათ. ეს კლუბებს კალენდარს შეუმსუბუქებს, გულშემატკივრებს კი ჩემპიონთა ლიგის მეტი მატჩის ხილვის საშუალება მიეცემათ. უფრო დაბალ ლიგებში კი 17-20 წლის ფეხბურთელებს თამაშის ნებას დავრთავდი, რაც პრიმავერათა პირველობებს თავიდან აგვაცილებს. შესაცვლელია ტელეტრანსლაციათა სისტემაც. მაგალითად, თუკი ჩინეთმა ან ბრაზილიამ ამ კუთხით დიდძალი ფულის ინვესტირება გადაწყვიტა, მათთან კონკურენცია შეუძლებელი გახდება. თუმცა, გამოსავალი არსებობს. გაინტერესებთ?
- რასაკვირველია. გაგვანდეთ თქვენეული თვალსაზრისი...
- 5 წლის წინათ, როდესაც “ნაპოლი” ევროთასს დაუბრუნდა, ინტერტოტოზე ბერძნულ “პანიონისს” ვხვდებოდით და ჩვენი მატჩის ტრანსლაციის შეძენის სურვილი არცერთ ტელეკომპანიას არ გამოუჩენია. მაშინ გადავწყვიტეთ, ინტერნეტში ტრანსლაციის ხილვის სანაცვლოდ 10 ევრო დაგვეწესებინა, ხოლო ბარებში გულშემატკივრებისთვის ბილეთის ფასი 99 ევროს ოდენობით განგვესაზღვრა. შედეგი არ გაინტერესებთ? მილიონ ევროზე მეტი გამოვიმუშავეთ. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შემოსავლის საგრძნობლად ზრდაა შესაძლებელი.
- მიმდინარე სერია A-ში არბიტრთა მოქმედებას როგორ შეაფასებთ?
- ცალმხრივად ვერ შევაფასებთ შექმნილ სიტუაციას. მსაჯები ადამიანები არიან და ცხადია, შეცდომებისგან დაზღვეულნი არ არიან. მაგრამ ხანდახან საფეხბურთო თემიდის წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა. მისაბაძია ანტონიო კონტეს მაგალითი, როდესაც მან მსაჯებს მოუბოდიშა. ჩემ სურვილს რა შეეხება, მინდა, მსაჯებმა რაც შეიძლება ნაკლები უსტვინონ. ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ისინი ინსტრუქციას მიშელ პლატინისა და პიერლუიჯი კოლინასგან იღებენ. ისე კი, პლატინიმ ამ შემთხვეაში იცის, რა დარიგება მისცეს არბიტრებს. იგი ხომ ფეხბურთის უფლისწულია, ეკონომიკაში კი ბევრი არაფერი გაეგება.
გოჩა კაჭარავა