2004 წელს “ნაპოლი” უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა - 70 მილიონი ევრო ვალი დაუგროვდა და კლუბი ბანკროტად გამოცხადდა. გუნდი სერია ჩ-მდე დაქვეითდა და დიეგო მარადონას ყოფილი კოლექტივის პერსპექტივა ერთობ მუქი ფერებით იყო დახატული. ამ დროს კლუბი ცნობილმა კინოპროდიუსერმა აურელიო დე ლაურენტისმა შეიძინა და “ნაპოლის” აღორძინებაც დაიწყო. 2006 წელს ნეაპოლელები ერთი საფეხურით უფრო მაღალ დივიზიონში აღზევდნენ, სერია B-ში მხოლოდ ერთი წელი დაჰყვეს და წარმატებული ასპარეზობის შედეგად, ტურინის “იუვენტუსსა” და “ჯენოასთან” ერთად უძლიერესთა რიგებში გამოსვლის უფლება დაიბევეს. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას “ნაპოლის” გაძღოლა ვალტერ მაცარის მიანდეს, რის შემდეგაც სამხრეთელებმა წარმატებული სერია გამოაცხვეს და სადღეისოდ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან. ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტი უახლოეს მომავალს ოპტიმისტურად უმზერს, რასაც საკლუბო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუც მოწმობს.
- “კატანიასთან” მოგების შემდეგ “ნაპოლი” მშვენიერ შანსს ინარჩუნებს, რათა ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთოს. სერია A გადამწყვეტ სტადიაშია შესული და ყოველ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. უახლოესი პაექრობა კი რომში გიწევთ, სადაც შაბათს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის გააფთრებით მებრძოლ “ლაციოსთან” რთული პაექრობა მოგიწევთ...
- “სტადიო ოლიმპიკოზე” მართლაც უმძიმესი შეხვედრა გველის. ორივე გუნდს ქულები ჰაერივით გვჭირდება, ამიტომაც მატჩზე მისული მაყურებელი უკომპრომისო ორთაბრძოლას იხილავს. მატჩს დამატებით ინტრიგას ისიც სძენს, რომ დედაქალაქელთა დამრიგებელი ჩვენი ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედოარდო რეიაა. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს მტრებად დავშორდით, მაგრამ, გარწმუნებთ, ასე არაა. ედოარდოსთან კარგი დამოკიდებულება მაქვს და შეხვედრის შემთხვევაში ერთმანეთს გადავეხვევით.
- გასულ კვირას “კატანიას” დაძაბული მატჩი მოუგეთ, გადამწყვეტი გოლი კი პაოლო კანავაროს ანგარიშზეა, რომელმაც “ნაპოლის” რიგებში მე-300-ედ იასპარეზა...
- პირდაპირ მოგახსენებთ – პაოლო “სკუადრა აძურას” რიგებში მიწვევის ღირსია.
- “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. უმთავრეს კონკურენტად რომელი კლუბები მიგაჩნიათ?
- იტალიაში მაღალი კლასის ამბიციურ გუნდებს რა გამოლევს, სადღეისოდ კი ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგე “პალერმოა”. სიცილიელები მშვენიერ ფორმაში არიან, ამასთან, 2 ქულით გვისწრებენ. ყველაფერს გავიღებთ, რათა სეზონის მიწურულს ამჟამად დასახული ამოცანა წარმატებით გადავჭრათ.
- ნეაპოლელი ტიფოზების ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ესეკიელ ლავესია. “ნაპოლის” მომავალი ამ ფორვარდს უკავშირდება, თუ არგენტინელის გასხვისებას აპირებთ? ლავესის საკუთარ რიგებში მსურველ გუნდთა რაოდენობა ხომ ათეულს აღწევს...
- არაფერს დავიშურებთ, ლავესის შესანარჩუნებლად. იგი ნეაპოლელებს მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე კარგი თამაშის გამო არ უყვართ. ესეკიელი გულთბილი ადამიანია და დიდ დახმარებას უწევს ჩვენი ქალაქის ღარიბ ფენას.
გოჩა კაჭარავა