ფეხბურთი

14:10 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასოციაციის პირველი წარმატებული საქმე – შაშიაშვილი "ერგოტელისისგან" კუთვნილ თანხას მიიღებს

როგორც იცით, დაახლოებით სამი კვირის წინ დაარსდა "საქართველოს ფეხბურთის ასოციაცია", რომლის უმთავრესი მიზანი, ფეხბურთელთა უფლების დაცვა იქნება. არაერთი შემთხვევაა, როცა კლუბი ფეხბურთელს "აგდებს" და ეს, დაუსჯელი რჩება. სწორედ იმიტომ შეიქმნა ასოციაცია, რომ მოთამაშეთა კანონიერი ინტერესები დაიცვას.

ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბესარიონ აბაშიძემ, "მსოფლიო სპორტს" აცნობა, რომ პირველი პრეცენდენტი უკვე მოხდა – გიორგი შაშიაშვილი, ყოფილი კლუბისგან, ბერძნული "ერგოტელისისგან" სრულად აიღებს იმ თანხას, რაც ეკუთვნის და კლუბი არ აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას აქვს „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის“ - International Federation of Professional Footballers’ Associations (FIFPRO) საერთაშორისო მხარდაჭერა.

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ფეხბურთელს 14 წლის ასაკიდან, რისთვისაც საჭიროა განცხადების წარდგენა ზეპირი, თუ წერილობითი გზით.

საკონტაქტო პირები: ბესო აბაშიძე 577446985, ლექსო ინწკირველი 571272080

ბესარიონ აბაშიძე: "შაშიაშვილი "ერგოტელისში" რომ თამაშობდა, 1 წელი კიდევ ჰქონდა კონტრაქტი დარჩენილი, მაგრამ ხელფასებს ვეღარ იხდიდნენ კრიზისის გამო და გადაწყვიტეს, ორმხრივი შეთანხმებით გაეწყვიტათ კონტრაქტი. იქ დააფიქსირეს, გადასახდელი თანხა რაც იყო, მაგრამ ერთი წელი გავიდა და მაინც არ იხდიდნენ. "ერგოტელისი" ამასობაში უმაღლესიდან გავარდა კიდეც და უკანაც დაბრუნდა. შაშიაშვილს ჰქონდა მცდელობა, დაკავშირებოდა კლუბს, თუმცა ისინი არ პასუხობდნენ ზარს. რამდენიმე თვის წინ უპასუხეს და უთხრეს, რომ დეკემბერში დავიწყებთ გადახდას და 16 თვის განმავლობაში დავფარავთო. შემდეგ გიორგი კვლავ ურეკავდა, მაგრამ ამაოდ. არ პასუხობდნენ.

ამის შემდეგ, შაშიაშვილმა სფფ-ის გენერალური სამდივნოს თავმჯდომარე რეზო შენგელიას მეშვეობით გააგზავნა წერილი ფიფა-ში, საიდანაც ხარვეზზე მოუვიდა წერილი, რომ საჭიროა, დადგენილი ფორმის სარჩელი თავისი დოკუმენტებით და მტკიცებულებებით და 23 სექტემბრამდე წარმოადგინეთო. შაშიაშვილი მოვიდა ჩვენთან (ანუ, საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციაში), შევიმუშავეთ სარჩელი და თავის მტკიცებულებებით, როგორც წესი იყო, გავაგზავნეთ ფიფა-ში, პარალელურად დავუკავშირდი საბერძნეთში ჩვენ მეგობარ ორგანიზაციას, რომლებიც ჩვენ მსგავსად ფეხბურთელების უფლებებს იცავენ და ვთხოვეთ, ეცადათ "ერგოტელისთან" დალაპარაკება, თან ფიფა-ს სარჩელიც გავუგზავნეთ კლუბისთვის გადასაცემად. ჩვენმა პარტნიორებმა გვიპასუხეს, "ერგოტელისში" შეწუხებულნი არიან და აუცილებლად დაგიკავშირდებიანო.

მართლაც, რამდენიმე დღეში დარეკეს და მოვილაპარაკეთ, რომ ისინი ცნობდნენ სარჩელს, გავაფორმებდით მორიგების აქტს და 10 თვის განმავლობაში გადაუხდიდნენ შაშიაშვილს დავალიანებას. გადახდას უკვე ამ ოქტომბრიდანვე იწყებენ. შესაბამისად, ფიფა-ში განხილვაც შევაჩერეთ. იმ შემთხვევაში, თუ ბერძნები პირობას დაარღვევენ, ისევ გავაგრძელებთ დავას ფიფა-ში.  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი, შაშიაშვილს აბსოლუტურად უფასოდ გავუკეთეთ და ყველას, ვინც ჩვენთან გაწევრიანდება, ასევე უფასოდ მოვემსახურებით, თან არც არანაირ საწევროს არ იხდიან ფეხბურთელები. თუმცა, თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება შემოწირულობა განახორციელოს, მაგას არ დავუშლით – არა მხოლოდ  ფეხბურთელებს, ნებისმიერი ადამიანისგან თუ ორგანიზაციისაგან, მზად ვართ შემოწირულობის მისაღებად".

 

0.126433