მოსკოვის “ლოკომოტივში” მალხაზ ასათიანის პრობლემები, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაშიდ რახიმოვის გაშვებისა და “რკინიგზელთა” თავკაცად იური სიომინის დაბრუნების შემდეგ დასრულდა. თუ მანამდე, ასათიანს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდნენ და კიევის “დინამოში” გაანათხოვრეს, სიომინმა ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. შედეგად, ასათიანმა რუსეთის პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და “ლოკომოტივის” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც “სპორტ-ექსპრესმა” ცენტრალურ მცველს ჩამოართვა.
- ბანქოს თამაშობთ?
- არა. ბავშვობაში ვთამაშობდი, ახლა კი არ გამომდის. ალბათ, დამავიწყდა.
- მუჯირსა და დიუმოვიჩს არ უერთდებოდით თამაშის დროს?
- არა. მხოლოდ ვუყურებდი და ვგულშემატკივრობდი.
- ვის გულშემატკივრობდით?
- სამართლიან თამაშს.
- რა კომენტარს გააკეთებდით იმის თაობაზე, რომ ვლადიმერ ბისტროვთან ერთად, რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო “ჯოკერი” ხართ?
- ინტერვიუ ბანქოზე საუბრით ამიტომ დაიწყეთ?
- რა თქმა უნდა. განვლილ ჩემპიონატში, რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- ჯანო ანანიძეს. მართალია, მოსკოვის “სპარტაკში” ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ ძალიან გამოირჩეოდა, რასაც არავინ ელოდა.
- ერთმანეთს იცნობთ?
- ის “ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” შეხვედრის დროს გავიცანი. მანამდე, მის გამოსვლას თვალს ვადევნებდი და ვგულშემატკივრობდი.
- ახალგაზრდა თანაგუნდელებს შორის ვის გამოარჩევდით?
- ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს. მომწონს გატაგოვი და კამბოლოვი. თუმცა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან მეშინია რომელიმე მათგანი არ გამომრჩეს.
- კამბოლოვის ასაკში, მასსავით ემოციური იყავით?
- ხანდახან. თუმცა, ასაკი რომ მომემატა მაშინაც მოედანზე “ვფეთქდებოდი” ზოგჯერ, რასაც შემდეგ ვნანობდი. საერთოდ, ემოციები უნდა აკონტროლო.
- შვებულებას როგორ ატარებთ ხოლმე?
- საქართველოში ვისვენებ. ნათესავებსა და მეგობრებს ვხვდები. ახალ წელს ველით.
- ახალი წლის შეხვედრას როგორ აპირებთ?
- ჩვეულებრივ. სუფრას გავშლით, შუაღამეს დაველოდებით და გავისვრით.
- გაისვრით?
- ავტომატიდან არა. ახლობლებთან ერთად პეტარდებით გავერთობით.
- ახალი წლის შემდეგ კი, სამედიცინო შემოწმება და შეკრება გელით. შარშან სულ სხვა ვითარებაში იმყოფებოდით, არა?
- მაშინ გაურკვევლობაში ვიმყოფებოდი. შეკრებაზე არსად წავსულვარ და ისიც არ ვიცოდი, სად ვივარჯიშებდი. ახლა უკვე ცნობილია რაც მელის და ეს თავდაჯერებას მმატებს. იმედია, არაფერი შეიცვლება.
- რაშიდ რახიმოვმა თუ აგიხსნათ თქვენს ადგილს გუნდში რატომ ვერ ხედავდა?
- არა. ახლიდან ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს. რაც იყო, წარსულს ჩაბარდა. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. რა თქმა უნდა, კარგად არ მომექცნენ, მაგრამ ყველას საკუთარი აზრი აქვს. მსგავსი რამ ხდება. ბოღმა არავისზე მაქვს.
- ე.ი. “ამკართან” მატჩის დროს, პერმში დაბრუნებულ რახიმოვზე გაბრაზებული აღარ იყავით?
- არა. იმ დღეს ორჯერ შევხვდით მატჩამდე და მისი დასრულების შემდეგ ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და ისე დავშორდით.
- გასული წლის სიტუაციას, თქვენთვის ერთი პლუსი მაინც ჰქონდა - კიევში იცხოვრეთ. მართალია, რომ “სალა” შეგიყვარდათ?
- არა. უბრალოდ, როდესაც უკრაინული სამზარეულოს შესახებ გეკითხებიან, პირველყოვლისა, თავში “სალა” მოგდის ისევე, როგორც ქართულ სამზარეულოზე საუბრისას მწვადი და ხინკალი, ხოლო რუსულზე – ბორშჩი.
- “სალა” საერთოდ არ მოგეწონათ?
- რატომაც არა? საკმარისად ვჭამე. ისე, კიევი ჩემთვის უცხო არც მანამდე იყო, რადგან მეგობრებთან ერთად ხშირად დამისვენია. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისით ფრენა შეწყვეტილია, რუსეთში წასვლისას, ან საქართველოში დაბრუნებისას, კიევში ჩასვლა ხშირად მიხდებოდა. ასე რომ, იქ ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი იყო. მნიშვნელოვანი სხვა რამეა – “დინამოში” კარგად მიმიღეს. იმ მომენტში, საჭირო იყო მოვხვედრილიყავი გუნდში, რომელშიც მენდობოდნენ.
- ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარეთ?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- უკრაინის ჩემპიონატში მოგებულ ოქროს მედალს, სად ინახავთ?
- ჯერ არ მიმიღია. იმედია, ოდესმე ავიღებ. ასე რომ, კიევში ვიზიტი შორს არაა.
- “ლოკომოტივში” დაბრუნება არ გაშფოთებდათ - ხომ შეიძლებოდა კვლავ სათადარიგოთა სკამზე მოხვედრილიყავით?
- ამის არასოდეს მეშინოდა. მნიშვნელოვანი როლი იური სიომინის ნდობამაც შეასრულა და უკრაინის ჩემპიონატის ბოლოს, თითქმის ყველა მატჩი ჩავატარე. სხვათა შორის, ზაფხულში კიევის “დინამოსთან” იჯარის გახანგრძლივების შანსიც მქონდა, მაგრამ “ლოკომოტივი” ავირჩიე. მაშინ, კიეველთა პრეზიდენ იგორ სურკისს შევხვდი, მადლობა გადავუხადე კარგად მიღებისთვის, მაგრამ ვუთხარი –ჩემთვის “ლოკომოტივში” თამაში უკეთესია-მეთქი. მოსკოვში არაერთი წელიწადი გავატარე და უფრო თავდაჯერებული ვარ, მითუმეტეს მწვრთნელთან, რომელსაც ვიცნობ. ვიცოდი, მოსკოვში ყველაფერი უკეთ გამომივიდოდა, ვიდრე კიევში.
- ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებამ გაგახარათ?
- ჩემი აზრით, მიმდინარე წელს ნაჩვენები შედეგით, კმაყოფილი უნდა ვიყოთ. თავად იცით, სიომინის მოსვლამდე “ლოკომოტივი” რომელ პოზიციაზე იმყოფებოდა. ვფიქრობ, მაშინ მეოთხე ადგილი რომ შემოეთავაზებინათ, დაუფიქრებლად დავთანხმდებოდით. თუმცა, როდესაც თამაშების მოგებას იწყებ და მედლებს უახლოვდები, მეტი გინდა. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ჩემპიონთა და ევროპის ლიგები განსხვავებული ტურნირებია, მაგრამ ჩვენთვის ნებისმიერ ევროთასზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ორი წელიწადია არც ერთ მათგანზე გვითამაშია. მომავალ სეზონში კი, მეოთხე ადგილი უკვე არავის დააკმაყოფილებს.
- ევროპის ლიგაში შეხვედრა, რომელი ქვეყნების გუნდებთან გსურთ?
- მინდა “თბილ” ქვეყნებში ვითამაშო, სადაც ყოველთვის მზე ანათებს. მაგალითად, ესპანეთში.
- გამოდის, მთავარი არა ჩემპიონატის დონე, არამედ, მინდვრის კარგი საფარია?
- მინდვრის საფარი დღედღეობით ყველგან კარგია. მთავარია, შესარჩევი ტურნირი გავიაროთ, ხოლო ჩვენთან ჯგუფში ვინ მოხვდება - მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ, მოგვიანებით ვიფიქრებთ. მითუმეტეს, ევროთასები მომავალი წლის შემოდგომაზეა.
- გასულ სეზონში თქვენს მიერ ჩატარებული მატჩებიდან, განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?
- ცსკა-სთან, “სპარტაკთან”, “რუბინთან”, “ზენიტთან” - სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან. არმიელებისა და ყაზანელების დამარცხება სასიამოვნო იყო. “სპარტაკთან” წაგებამ გული დაგვწყვიტა.
- მართალია, რომ ცსკა თქვენთვის განსაკუთრებული გუნდია?
- ბოლო წლებში, როდესაც ამ გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობ, “ლოკომოტივი” არ აგებს. გამონაკლისი არც განვლილი სეზონი ყოფილა.
- ე.ი. ცსკა-ს წინააღმდეგ აუცილებლად უნდა გათამაშონ?
- ვერ გეტყვით. ვნახოთ.
- ახალი წლის წინ, რას ჩაიფიქრებთ?
- მშვიდობას. შარშანდელის მსგავსი ომები და კონფლიქტები რომ არ ყოფილიყოს.
- თქვენთვის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, პირად მიღწევებზე მაღლა დგას?
- მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ჯანმრთელი იყო. თუმცა, მშვიდობის გარეშე ამას ვერ მიაღწევ. 18-19 წლის ასაკში ჩავუთქვამდი ხოლმე, რომ მატჩი კარგად ჩამეტარებინა. ასაკის მატებასთან ერთად, საკუთარი თავის იმედი მეტად გაქვს, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ასე რომ, რაც იქნება, მას ვერ გაექცევი.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა