მოსკოვის “ლოკომოტივის” ვარჯიშზე მისული “სოვეტსკი სპორტის” ჟურნალისტები, საკმაოდ საინტერესო სურათის მნახველი აღმოჩნდნენ – მოთელვის დაწყებამდე, გუნდის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი მოედანზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ლოკოს” ყოფილ ფორვარდ ზაზა ჯანაშიას ესაუბრებოდა, რომელიც საუცხოო განწყობაზე იმყოფებოდა. ჯანაშიამ მერე თანამემამულეებთან ხუმრობისთვისაც მოიცალა: “ეი, მალხაზ, ერთი ბურთი მაინც მაჩუქე!”, რაზეც ასათიანმა ხუმრობითვე უპასუხა: “რას ამბობ, მერე ამისთვის ფულის გადახდა მომიწევს”.
სხვათა შორის, ჯანაშია ბურთს თავისთვის კი არა, იქვე მდგომი 6 წლის შვილისთვის თხოვდა, რომელსაც ასევე ზაზა ჰქვია. მას შემდეგ, რაც “ლოკომოტივის” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბავშვს ბურთი გაუგორა, უმცროსმა ჯანაშიამ ჟონგლიორობა დაიწყო და სიომინისგან მითითებაც მიიღო -“მთავარია, ხელები ჯიბეებში არ გედოს!”. მოგვიანებით, “ლოკომოტივის” მწვრთნელმა ბავშვს რამდენიმე გადაცემა გაუკეთა და დასასრულს უთხრა კიდეც: “მოდი, ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშეო”.
ვიდრე ჟურნალისტები ასათიანს გაესაუბრებოდნენ, ორიოდე კითხვა უფროს ჯანაშიასაც დაუსვეს.
- შვილი მამის საქმეს გააგრძელებს?
- 10 წლის შემდეგ, აუცილებლად გააგრძელებს. ის “ლოკომოტივის” ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს და ფეხბურთელობა სურს. ჩემსავით თავდამსხმელია და მჯობს კიდეც. “ლოკომოტივის” შემადგენლობაში გოლებს 2019 წელს გაიტანს.
-“ლოკომოტივის” ამჟამინდელი ფორვარდები, თქვენზე ძლიერები არიან?
- უფრო სუსტები ნამდვილად არ არიან.
შემდეგ, უკვე ასათიანის ჯერიც დადგა
- ფეხბურთელები და მწვრთნელები ამბობენ-ხოლმე, რომ გათამაშების ცხრილს არასოდეს უყურებენ. ჩემპიონატის ფინიშზე, თქვენ თუ ადევნებთ სატურნირო მდგომარეობას თვალს?
- ცხრილში ჩახედვას რა აზრი აქვს? ჩვენ ისედაც ვიცით რომელ ადგილზე ვიმყოფებით.
- “ლოკომოტივისა” და “ზენიტის” მიერ გატანილ-მიღებული ბურთების სხვაობასაც არ ამოწმებთ? ხომ შეიძლება, ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს?
- ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ყველაფერს ბოლო თამაში გადაწყვეტს. ბრინჯაოს მედლების მოპოვება მართლაც გვსურს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული - “ზენიტზეცაა”.
- არის ვარიანტი, რომლის თანახმად, მესამე ადგილზე გასასვლელად, შესაძლოა, “ხიმკის” კარში 10 გოლის გატანა დაგჭირდეთ. თქვენი აზრით, მსგავსი რამ მოსალოდნელია?
- შეუძლებელია. ახლა რომ ვისაუბრო 10 ბურთის გატანა შეგვიძლია-მეთქი, არასწორად გაგვიგებენ. ამიტომ ვთვლი, რომ ერთი გოლიც გვეყოფა.
- თუ გახსოვთ, თქვენი მონაწილეობით გუნდის მიერ მოგებულ მატჩებში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიში?
- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. თუმცა, 6:0-ზე დიდი ანგარიშით არ გაგვიმარჯვია.
- გამარჯვების შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს პრემიალური თანხის გაზრდას ხომ არ დაპირებია?
- ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. თუმცა, ბუნებრივია, რომ მე-3 ადგილის დაკავების შემთხვევაში, პრემიალური თანხა გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე მეოთხეზე გასვლისას.
- რუსეთის ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია. “ოქროსთვის” ბრძოლაში, თქვენი სიმპათია ვისკენ იხრებოდა?
- “რუბინი” ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად გამოდიოდა და ბევრი მატჩი მოიგო.
- მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფში რუსეთის ეროვნული ნაკრების სლოვენიასთან მარცხის თემას გვერდს ვერ ავუვლით. ნაკრებიდან ფეხბურთელები “ლოკომოტივში” როგორი განწყობით დაბრუნდნენ?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? ისინი ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ და ამიტომ, ძალიან იმედგაცრუებულნი იყვნენ. არცერთმა მათგანმა ჟურნალისტებს ინტერვიუ რატომ არ მისცა? ეს ნამდვილად არ ვიცი.
- რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი და ალბათ, უკვე შვებულებაზე ფიქრობთ?
- შვებულებაში 29 ნოემბრის შემდეგ გავდივართ და საქართველოში მაშინ წავალ.
- მიმდინარე წელს, რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად ვის თვლით?
- რომან შარონოვს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა