ჭიდაობა

10:32 | 26.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი მედლებით დახუნძლული სეზონი

2010 წლის სეზონი საქართველოს ძიუდოისტთა და მოჭიდავეთა ძირითადი ნაკრებებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერც ერთი სახეობის მიმდევარმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლო და ამ უშედეგობამ მარტო გულშემატკივრის უკმაყოფილება როდი გამოიწვია. თავად სპორტის სათავეში მყოფნი და უშუალოდ ამ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები ჩაერიენ საქმეში და შედეგად, ძიუდოში მთავარი მწვრთნელი შუა სეზონში შეიცვალა, ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალში კი გუნდის დამრიგებლებს სიტუაციის გამოსასწორებლად ცოტა დრო კიდევ მისცეს.
ძირითადი ნაკრებების “ოქროს დეფიციტის” ფონზე შთამბეჭდავად მოჩანს ასაკობრივ ნაკრებთა სეზონური მონაგარი - 9 ოქრო, 9 ვერცხლი და 14 ბრინჯაო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
ჭაბუკთა შორის ტრადიციულად, მხოლოდ ევროპირველობები გაიმართა და ყველაზე შედეგიანად ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებმა იჭიდავეს. მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა 7-8 აგვისტოს, სარაევოში 9 სპორტსმენი გაიყვანა ხალიჩაზე და მათგან 6 კვარცხლბეკზე ავიდა. შედეგად, საქართველომ, გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ფირუზ წულუკიძემ ყველა მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ოღონდ თუ შარშან 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა ოქროს, ამჯერად 63-ში აჯობა ყველას. იაკობ ქაჯაიას (100 კგ) უმაღლეს ჯილდომდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ედნარ შავაძე (42 კგ), ამირან შავაძე (54 კგ), ლაშა გობაძე (76 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა 5 მედალი მოაგროვეს, მაგრამ უმაღლეს სინჯს თამაზ ბენდიანიშვილის გუნდის ვერც ერთი წევრი ვერ შესწვდა. ყველაზე ახლოს მიზანთან ლაშა ბითარაშვილი (54 კგ) იყო, რომელიც ფინალში დამარცხდა. დავით ბუზიაშვილი (58 კგ), ირაკლი მოსიძე (63 კგ), ლაშა გიგაშვილი (69 კგ) და ლევან გოგრიჭიანი (85 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.
ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპირველობას 25-27 ივნისს ჩეხეთის ქალაქმა ტეპლიცემ უმასპინძლა. რამაზ ჩოჩიშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდიდან ლაშა ტაველურმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მიხეილ მეზურნიშვილმა (60 კგ) – ბრინჯაო. ევროპირველობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ჩოჩიშვილის ადგილი გიორგი ვაზაგაშვილმა დაიკავა.
ახალგაზრდებმა ჭაბუკებზე გაცილებით შედეგიანად იჭიდავეს. ორმა სპორტსმენმა კი სულაც, ოქროს დუბლი შეასრულა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილი (74 კგ) და ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ევროპის ჩემპიონატზეც გაჩემპიონდნენ და მსოფლიოზეც. ჭრიკიშვილმა ეს ორი მთავარი მწვრთნელის ხელში შეძლო. ევროპირველობაზე ახალგაზრდულ გუნდს სათავეში სოსო ლიპარტელიანი ედგა, მსოფლიოზე – გიორგი გუგავა. სეზონის ბოლოს, ამ ახალგაზრდებმა უფროსებშიც მოსინჯეს ძალა და საქართველოს  ჩემპიონატშიც მიიღეს მონაწილეობა. ჭრიკიშვილს გასაპირველებლად ძალა არ ეყო, ხოლო ხუციშვილი ამ შემთხვევაშიც წარმატებულად გამოვიდა და ფინალში საქართველოს ნაკრების სტაბილური წევრის, გელა საღირაშვილის დამარცხებით, 2011 წლის ევროპირველობაზე ჭიდაობა ფაქტობრივად აქედანვე გაინაღდა.
ერთადერთი გამარჯვება დააკლდა ოქროს დუბლამდე თავისუფალი სტილის მიმდევარ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (55 კგ). იგი ევროპირველობაზე ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა მოიგო. აქვე შეგახსენებთ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს ნუგზარ სხირელი უდგას სათავეში.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ძიუდოისტი ოთარ კაიდარაშვილი (55 კგ), თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი საკანდელიძე (120 კგ) და ბერძნულ-რომაულის მიმდევარი ვასილ იმერლიშვილიც (96 კგ) ავიდნენ. სამივემ ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია გამარჯვებას. გიორგი ნოზაძე (ძიუდო), თენგიზ ჩოჩიშვილი (თავისუფალი), თორნიკე მახარაძე და საჩინო დავითაია (ორივე ბერძნულ-რომაული) ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ლაშა ტალახაძე (თავისუფალი) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი ვერცხლით დაასრულა, მესამე საპრიზო ადგილები კი ზებედა რეხვიაშვილმა (ძიუდო), თენგიზ ჩოჩიშვილმა, გიორგი საკანდელიძემ (თავისუფალი) და არსენ კახაბრიშვილმა (ბერძნულ-რომაული) დაიკავეს.
კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაშიც გაჩემპიონდა.

ჭაბუკები
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ტეპლიცე. 25-27 ივნისი
ვერცხლი

81 კგ ლაშა ტაველური
ბრინჯაო
60 კგ მიხეილ მეზურნიშვილი
ბერძნულ-რომაული
ევროპის ჩემპიონატი
სარაევო. 7-8 აგვისტო
ოქრო

63 კგ – ფირუზ წულუკიძე
ვერცხლი
100 კგ – იაკობ ქაჯაია
ბრინჯაო
42 კგ – ედნარ შავაძე
54 კგ – ამირან შავაძე
76 კგ – ლაშა გობაძე
85 კგ – რობერტ ქობლიაშვილი
თავისუფალი
სარაევო. 3-4 აგვისტო
ვერცხლი

54 კგ – ლაშა ბითარაშვილი
ბრინჯაო
58 კგ – დავით ბუზიაშვილი
63 კგ – ირაკლი მოსიძე
69 კგ – ლაშა გიგაშვილი
85 კგ – ლევან გოგრიჭიანი

ახალგაზრდები
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
სამოკოვი. 17-19 სექტემბერი
ოქრო

55 კგ ოთარ კაიდარაშვილი
81 კგ ავთანდილ ჭრიკიშვილი
ვერცხლი
90 კგ გიორგი ნოზაძე
მსოფლიოს ჩემპიონატი
აგადირი. 21-24 ოქტომბერი
ოქრო

81 კგ ავთანდილ ჭრიკიშვილი
ბრინჯაო
73 კგ ზებედა რეხვიაშვილი
ბერძნულ-რომაული
ევროპის ჩემპიონატი
სამოკოვი. 3-4 ივლისი
ოქრო

96 კგ ვასილ იმერლიშვილი
ვერცხლი
50 კგ თორნიკე მახარაძე
66 კგ საჩინო დავითაია
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუდაპეშტი. 20-21 ივლისი
ბრინჯაო

84 კგ არსენ კახაბრიშვილი
თავისუფალი
ევროპის ჩემპიონატი
სამოკოვი. 29-30 ივნისი
ოქრო

74 კგ დავით ხუციშვილი
120 კგ გიორგი საკანდელიძე
ვერცხლი
55 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
60 კგ თენგიზ ჩოჩიშვილი
ბრინჯაო
50 კგ ლაშა ტალახაძე
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუდაპეშტი 24-25 ივლისი
ოქრო

55 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
74 კგ დავით ხუციშვილი
ვერცხლი
50 კგ ლაშა ტალახაძე
ბრინჯაო
60 კგ თენგიზ ჩოჩიშვილი
120 კგ გიორგი საკანდელიძე
 


ოთარ მაღლაკელიძე
 

0.176404