შოთა და არჩილ არველაძეები, პირველ მაისს, ბაქოში გასამართ აზერბაიჯანელ და ევროპელ ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგურ მატჩში ითამაშებენ, რომელიც ჰეიდარ ალიევის 90-წლისთავს ეძღვნება. ამის შესახებ აპასპორტ.აზ-ს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ვიცეპრეზიდენტმა რუსტამ რაგიმოვმა აცნობა:
“ძმები არველაძეები ამ მატჩში მონაწილეობას დათანხმდნენ. ასე რომ, ქართველი ვეტერანების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. როგორც იცით, უფრო ადრე ალექსანდრე ჩივაძის, მურთაზ ხურცილავას და თენგიზ სულაქველიძის მონაწილეობა დაზუსტდა. გარკვეული მიზეზების გამო, საფრანგეთიდან ჟან-პიერ პაპენი არ ჩამოვა. თურქეთიდან ჩამოვლენ რეჩბერ რუშთუ და ჰაქან შუქური. ბიულენტ ქორქმაზის ჩამოსვლის საკითხი ღიაა”.